სამართალი
გაერომ საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღო

1-gaero-samarTali-2თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხება. რუსული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ რეზოლუცია ზიანს მიაყენებდა ჟენევის დისკუსიებს, დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, გაააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობისათვის, შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის უფრო ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფისთვის, რამაც დევნილების ღირსეულ დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

რეზოლუცია რუსული მხარის გაღიზიანების მიზეზი გახდა. რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პანკინი შეეცადა, გავლენა მოეხდინა უშიშროების საბჭოს წევრებზე, რომ მათ არ დაეჭირათ მხარი დოკუმენტისთვის. მოსკოვს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებული ფორმულირებები. კერძოდ, ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რომ დევნილებს აქვთ უფლება, დაბრუნდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთში.

პანკინმა განაცხადა, რომ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი, რომელსაც საქართველო და დასავლეთი უნდა შეეგუონ, თუმცა მისი მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტი საბოლოოდ მაინც დაამტკიცეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ აღნიშნული რეზოლუციით ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია არა თუ დევნილების დაბრუნება, არამედ ის, რომ შემუშავდეს ზომები მათი უპირობო და ღირსეული დაბრუნებისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ცხოვრებისთვის შეიქმნას უსაფრთხო გარემო.