რელიგია
ილია მეორე: „ადამიანებმა ერთმანეთის სიმძიმე უნდა იკისრონ“

1-qadageba-religia-1თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი  და უნეტარესი ილია მეორე  თანადგომის აუცილებლობას შეეხო.

უწმიდესმა და უნეტარესმა პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენა – „ურთიერთისა სიმძიმილი იკისრეთ და ესრე აღასრულეთ რჯული ღვთისა“.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ადამიანებმა ერთმანეთის სიმძიმე უნდა იკისრონ, სულიერი იქნება ეს თუ სხვა რამ.

„ადამიანის გაჭირვება უნდა დავინახოთ. უნდა თანავუგრძნოთ, რაც უნდა მძიმე ცოდვა ჰქონდეს, თქვენ უნდა დაეხმაროთ მას და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ. დღეს არის თანადგომის დღე და ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ შევუდგეთ ერთმანეთს“, – ბრძანა პატრიარქმა და თავისი მოძღვარი მამა შიო გაიხსენა, რომელიც მასთან ჩადიოდა ბათუმსა და სოხუმში და მისგან აღსარებებს იბარებდა.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, როდესაც მამა შიო დაინახავდა, რომელიც ცოდვისაგან ძალიან შეწუხებული იყო, ეტყოდა: მეუფეო, ილოცე და ნუ განიცდი, მეც მომსვლია ასეთი ცოდვა.

„შეიძლება მას არც ჰქონია ასეთი ცოდვა, მაგრამ იმდენად კეთილშობილი იყო, რომ მამშვიდებდა მე და, როცა ჩაიბარებდა აღსარებას, მომეხვეოდა და მეტყოდა: ახლა შენ ანგელოზი ხარ, ღმერთმა შეგინდოს ცოდვები“.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, მრავალი განსაცდელი არსებობს დედამიწაზე, მრავალი ცოდვა, სიკეთე და ბოროტება, მაგრამ სიკეთე არსად იკარგება.