სამართალი
პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს სამშაბათს წარუდგენს

1-kabineti-samarT-3თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტიცებლად სამშაბათს წარუდგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საკითხი პარლამენტში ოფიციალურად ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე შევა.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში.

ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია, ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

თუ მთავრობის შემადგენლობამ და მისმა სამთავრობო პროგრამამ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას, ხოლო თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში, დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ცნობისათვის: ამ პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.

პარლამენტს მთავრობისთvის ნდობის გამოცხადება-არგამოცხადების საკითხზე მუშაობა რიგგარეშე ფორმატით მოუწევს, რადგან საგაზაფხულო სესია 29 ივნისს დაიხურა.