პოლიტიკა
სააკაშვილი მერაბიშვილის პრემიერობას „ახალ დასაწყისს“ უწოდებს...

1-merab-politika-2თბილისი, 2 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ პრემიერ- მინისტრად გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაასახელა და ამ დანიშვნას „ძალიან მნიშვნელოვანი“ და „ახალი დასაწყისის მანიშნებელი“ უწოდა.

ეს ცვლილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო გადაადგილებაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. სააკაშვილის თქმით, ეს არჩევნები განაპირობებს ქვეყნის განვითარებას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.

მერაბიშვილის გაპრემიერება იქნება პირველი შემთხვევა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ინიშნება.

„განცხადება, რომელსაც ახლა გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, ამავდროულად,  არის ახალი დასაწყისის მანიშნებელი, – განაცხადა სააკშვილმა. – დღეს, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს და ის წარმოადგენს ახალ სამთავრობო პროგრამას უკვე ორშაბათს პარლამენტში დასამტკიცებლად და, ასევე, მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.“

„ვანო არის ის კაცი, რომელმაც, ყველა ჩვენგანთან ერთად, შეძლო კორუფციისა და კრიმინალის ბეჭებზე დადება. მე დარწმუნებული ვარ, ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც – უმუშევრობას“, – დასძინა მან.

მერაბიშვილის თქმით, ახალ თანამდებობაზე მისი მთავარი პრიორიტეტები იქნება უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა.

„ჩვენი გეგმა სწორედ ამ მთავარ პრინციპებს დაეყრდნობა, იმიტომ, რომ  საქართველოს მთავარ გამოწვევად  უმუშევრობა რჩება. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს საშუალება, მიიღოს შესაბამისი ჯანდაცვა და ქართულ სოფელს განვითარება სჭირდება“, – განაცხადა მან

„ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული – მეტი სარგებელი ხალხს. დადგა დრო საქართველოში, რომ ჩვენი განვითარების, ჩვენი მოდერნიზაციის, ყველა იმ მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ დროისთვის არსებული მთავრობა, პრემიერ-მინისტრითურთ, უნდა გადადგეს და პრეზიდენტმა ახლად არჩეულ პარლამენტს ახალი ან მთავრობის იგივე შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც საგრძნობლად ზრდის პრემიერ- მინისტრის უფლებამოსილებებს, ძალაში 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.

ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დაინიშნება. ისევე, როგორც მისი წინამორბედების უმრავლესობა (ზურაბ ჟვანიას გარდა), გილაურიც ტექნოკრატი პრემიერი იყო.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, პოლიტიკურად გავლენიანი ფიგურის პრემიერად დანიშვნა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სააკაშვილი არ შეეცდება, 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერის რანგში დარჩეს. თუმცა ზოგიერთი კომენტატორი ამ ცვლილებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში უფრო განიხილავს და უფრო შორსმიმავალი დასკვნების, მათ შორის, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ გეგმებზე, გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მერაბიშვილს ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტია. სამინისტრო აერთიანებს მრავალ ძალოვან სტრუქტურას პოლიციის, უსაფრთხოების, დაზვერვისა და საზღვრის დაცვის სამსახურების ჩათვლით.

მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატები, როგორც თავად პრეზიდენტმა განაცხადა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დღეს უნდა დაესახელებინათ, თუმცა ამ დილით ცნობილი გახდა, რომ ეს პროცედურა ხვალ, ა.წ. 3 ივლისს შედგება.

კულუარული ინფორმაციით, კანდიდატებად განიხილებიან შემდეგი ფიგურები: საქართველოს შს მინისტრად – ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია (უცნობია, რას უპირებენ ამ შემთხვევაში მის ღვიძლ ძმას – დათა ახალაიას, რომელიც საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე მუშაობს, ერთი ოჯახის წევრების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას ხომ კანონი კრძალავს). ასეთ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრად შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დაინიშნოს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალ სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე დანიშნონ, ხოლო ახლანდელი სახელმწიფო მდივანი გია ბარამიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თბილისის ჩუღურეთის რაიონში მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.

არ გამორიცხავენ, აგრეთვე, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის გადადგომას, რომლის მისამართით, განსაკუთრებით – ბოლო ხანებში, ძალიან ბევრი საყვედური დაგროვდა როგორც საზოგადოების მხრიდან – პენიტენციარულ სისტემაში არსებული ძალიან უხეში დარღვევების გამო, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. გოგა ხაჩიძის ნაცვლად შესაძლებელია დასახელდეს გარემოს დაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა. ამასთან, შემოღებულია ახალი – დასაქმების მინისტრის თანამდებობა.