თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში პარლამენტის მიერ 83 ხმით მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში აგიტაცია აიკრძალება.
ამას გარდა, მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ახალ მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის, პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე და საარჩევნო სუბიექტებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცესკოს ენიჭება უფლებამოსილება, რომ რეგისტრაციის წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარი ცესკომ საერთაშორისო ორგანიზაციას იმ შემთხვევაში შეიძლება უთხრას, თუ ის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ცვლილებების თანახმად, ერთ ორგანიზაციას უბანზე 2-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი არ უნდა ჰყავდეს.
ცვლილებების დანარჩენი ნაწილი ეხება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრა და მიეცა უფლება, ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი კენჭისყრის დღესაც განახორციელოს.
ცვლილებებით რეგულირდება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების, რეგისტრაციის არმქონეთა და სხვა მისამართზე რეგისტრირებულ ე.წ. მიწერილ ამომრჩეველთა ერთიან სიებში შეყვანის წესიც – ამ ბოლო ორი კატეგორიის ამომრჩევლების ერთიან სიებში შეყვანას ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რადგან, მათი მტკიცებით, ეს რამდენიმეჯერ ხმის მიცემის რისკს ქმნის.
დამტკიცებული ცვლილებები არეგულირებს საარჩევნო პლაკატებსა და სააგიტაციო მასალების გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ადგილები, სადაც ასეთი მასალების გაკვრა იკრძალება ან ნებადართულია, უნდა განსაზღვრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა.