აქტუალური
საკაბელოები „must carry“-ს პრინციპს ერთ დღეში აამოქმედებენ

1-laSa-tuRuSi-aqtual-3თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. საკაბელო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, „must carry“-ს პრინციპი არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში აამოქმედონ.

აღნიშნული ვადა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, რომელზეც „must carry“-ს პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. განისაზღვრა ვადა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვისაც, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკაბელო კომპანიების გაფრთხილება კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში უნდა მოახდინოს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვას კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შენიშვნა მხოლოდ პრინციპის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით დააფიქსირეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, თუ ვადას კიდევ 21 დღით გავზრდით, რადგან საარჩევნო პროცესი არჩევნების ჩატარების დღის შემდეგაც გრძელდება. არსებობს საუბარი, რომ ამ პრინციპის გაგრძელება ხელს შეუწყობს დაძაბულობას, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით იქნება – პლურალიზმი ხელს უწყობს იმას, რომ დაძაბულობა განიმუხტოს“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

ტუღუშის განცხადებას სხდომაზევე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ვადებთან დაკავშირებით უმრავლესობას ახალი პოზიცია აღარ ექნება. აღნიშნულის გარდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით სხვა შენიშვნა არ გაჟღერებულა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, „must carry“-ს პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანომ ამ კვირაში დაასრულა – მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებულ რეჟიმში ერთხმად მიიღო.