აქტუალური
ფონდი „ქომაგის“ ხელმძღვანელი დიპკორპუსს მიმართავს

1-qomagi-aqtual-2თბილისი, 30 ივნისი, საქინფორმი. ფონდი „ქომაგის“ ხელმძღვანელი ია მეტრეველი ფონდთან დაკავშირებული რამდენიმე პირის დაკითხვაზე დაბარების გამო დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. როგორც ია მეტრეველი აცხადებს, პოლიციაში დაკითხვაზე ის პირები დაიბარეს, რომლებმაც ფონდ „ქომაგს“ დახმარებისთვის მიმართეს.

მისი თქმით, თორმეტამდე ადამიანმა მიიღო უწყება მათი მოწმის სტატუსით დაკითხვასთნ დაკავშირებით. ამ პიროვნებების ნაწილმა თანხები უკვე მიიღო, ნაწილს კი ჯერ არ ჩარიცხვია.

მეტრეველის თქმით, ფონდი იმართავს სახალხო დამცველს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, თანადგომა აღმოუჩინონ ამ ხალხს.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე ბოლო დღეებში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობენ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები.

„თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებს – ფონდ „ქომაგში“ დარეგისტრირებულ პირს. გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოსთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოწმის სტატუსით გამოძახებული აღნიშნული თანხების მიმღები პირების დაკითხვა

„იწარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათი სურვილის შემთხვევაში, დაკითხვის პროცესს დაესწრებიან ადვოკატები“, – აცხადებენ პროკურატურაში.