საზოგადოება
თბილისი, 28 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.
„2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge გაიარეს; მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში – 35 %, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ; დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი“, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.