კაცმა რომ თქვას, სამხედრო, მუქარის გამომხატველი რიტორიკა ქართულ პოლიტიკაში შედარებით ცოტა ხნის წინათ გახდა აქტუალური. აი, სხვების ხარჯზე სამხედრო კუნთების დაყენების ტენდენცია კი უფრო ადრე გამოვლინდა. შემთხვევითი არ არის, რომ მშვიდობისმოყვარეობის გლობალურ ინდექსში, რომელშიც 158 ქვეყანაა შეყვანილი, ყველაზე უწყინარი ისლანდიისგან საქართველოს 140 ადგილი აშორებს. აგრესიულობის დონით ჩვენ ყაზახეთს, ბელარუსს, უზბეკეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს გავუსწარით. მხოლოდ რუსეთი, რამდენიმე აფრიკული ქვეყანა და, აგრეთვე, რა თქმა უნდა, ერაყი და ავღანეთი მოვიტოვეთ უკან.
ესოდენ მომაკვდინებელი შეფასება, უნდა ვიფიქროთ, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეფუძნება, როდესაც მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ შეიარაღების წყურვილი ომად შემოგვიბრუნდა, რომლის შემდეგ უკვე თითქმის ოთხი წელი გავიდა.თუმცა მასშტაბური ტრაგედია საკმაოდ დიდი დანაკარგითურთ გაკვეთილად ვერ გამოადგა ვერც საქართველოს ხელისუფლებას, ვერც მის ოკეანისგაღმელ პატრონს. სხვის თამაშში მილიტარიზაციის რეალურად გაკოტრებულმა პოლიტიკამ, არსებითად, პირველივე ომისშემდგომი დღეებიდან რემილიტარიზაციის სახე მიიღო (სავარაუდოდ, ასევე, „ამერიკული პოლიტბიუროს“ კარნახით).
პრაქტიკულად, 08.08.08 ომიდან უკვე ერთი წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღის წესრიგში შეიტანა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხი ნატოში მომავალი გაწევრებისთვის მისი შეიარაღებული ძალების მომზადების საბაბით. გავიხსენოთ, ყურძნის პატარა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მისი შეიარაღების დებულება ვაშინგტონსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან სულ რაღაც ერთი-ორი წლის შემდეგ ამერიკულ-ქართულ პრაგმატიკად იქცა, წელს კი ამ ურთიერთობას 20 წელი შეუსრულდა. გასაგებია, რომ ამ მოედნიდან რუსეთის გაძევებას ცდილობდნენ, ხოლო აშშ, საქართველოს აქტიურ შეიარაღებასთან დაკავშირებით თავისი ქმედებების დასაბუთებისას, ყოველ ჯერზე შეახსენებდა მსოფლიოს, რომ „ახალგაზრდა დემოკრატია“, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, სამხედრო საქმეში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დონემდე უნდა წამოწიონ.
იმავე 2009 წელს, თბილისში ვიზიტის დროს, ეს „ჯადოსნური“ არგუმენტი არც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დავიწყებია. აშშ-ის მთავრობის მეორე კაცმა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის უამრავი სასარგებლო დირექტიული რჩევა გასცა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მუშაობს საქართველოს არმიის „შრომისუნარიან მდგომარეობაში შენარჩუნებაზე“ და ის იწონებს ნატოში შესვლის თაობაზე საქართველოს გეგმებს. თუმცა მაღალჩინოსან სტუმარს არც იმისი ხაზგასმა დავიწყებია, რომ ამერიკის ქმედებები მხოლოდ „დაგეგმვაზე, წვრთნასა და ორგანიზებაზეა“ მიმართული.
ამასთან, ჯერ კიდევ 2009 წლის დასაწყისში ეს მიდგომა დოკუმენტურად იქნა დაფიქსირებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სხვა რამეებთან ერთად, სხვათაშორის, უშიშროების სფეროში თანამშრომლობასა და, აგრეთვე (ყურადღება მიაქციეთ!), საქართველოს პოტენციალის გაფართოებასა და ნატოსთან ოპერატიული ურთიერთკავშირის გაძლიერებას ითვალისწინებდა,
რაც დღემდე სრულდება კიდეც უაქტიურეს რეჟიმში. თანაც საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს შორსმიმავალი სამხედრო ამბიცია გაუჩნდა: ჯერ ერთი, პატრონების დახმარებით ნაწილობრივ საკუთარ მხრებზე იტვირთოს სამხედრო ტექნიკის წარმოება, და მეორეც – მისი საჩვენებელი ნიმუშებით იარაღის მსოფლიო ბაზარზე გავიდეს. გულუბრყვილოთა ეს საშინაო პროპაგანდა ხელისუფლების გონიერებით გვაოცებს: აი, ინებეთ ლანგრით მორთმეული ახალი სამუშაო ადგილებიც და ხაზინაში ვალუტის ბარაქიანი ნაკადის შემოდინებაც.
შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ანეკდოტური ის არის, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და რიგ სენატორებს კვლავაც სწამთ, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაზე არ აისახება. ამ პირთა პოლიტიკური პიარის არსენალში, მოლაპარაკე ჩიტივით, მუდამ ერთი და იგივე მორიგე ფრაზაა: დარწმუნებული ვართ, რომ ამ პრობლემების თაობაზე რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს გავაგრძელებთ.
დიალოგი, ყველაფრის მიხედვით, კი გრძელდება, მაგრამ, აი, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვამ, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე ბატონი ობამას მისვლის გარიჟრაჟზე დაიწყო, გაყინვის წერტილი აშკარად ვერ გადალახა.
და ამისი მიზეზი, ბევრი გახმაურებული ფაქტის მიხედვით, სწორედ საქართველოა თავისი სამხედრო ამბიციებით, რომლებიც, როგორც ჩანს, ვაშინგტონის მიერ არის ინიცირებული.
მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისადმი ამერიკის ინტერესის და, აგრეთვე, რემილიტარიზაციის სფეროში ქართული შემადგენლობის განსაზღვრა რუსეთ-საქართველოს ომის გაკვეთილების შემდეგ.
დავიწყოთ იმით, რომ საქართველოთი ამერიკის დაინტერესება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ ამერიკელებისათვის რუსული ფაქტორის გარეშე. ოკეანისგაღმელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო სტრატეგების ფოკუსში ეს ორი ქვეყანა ერთობლივად განიხილება და, უნდა ვიფიქროთ, საქართველო (ყოველ შემთხვევაში) მათთვის ცალკე პაკეტს არ წარმოადგენს.
ამერიკის იმპერიალისტური მისწრაფება – საკუთარი სტრატეგიული და არასტრატეგიული ინტერესების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაძაბულობა გაზარდოს და ზეთანამედროვე იარაღის გამოყენების შემთხვევა ხელიდან არ გაუშვას – მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტებს ყურადღების მიღმა არ დარჩათ და აშშ-ს თავიანთ რეიტინგში სრულიად არამშვიდობიანი 85-ე ადგილი მიაკუთვნეს ჩინეთის, კუბის, ლიბიის მეზობლად...
2008 წლის შემდეგ განვლილი წლები, სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, მოწმობს, რომ საქართველომ მოკლე ვადაში არა მარტო სამხედრო პოტენციალის აღდგენა შეძლო, არამედ, ფინანსური შემოდინებებისა და საზღვარგარეთიდან სამხედრო მომარაგების წყალობით, საკმაოდ შორს წავიდა წინ. ამან ძალიან სერიოზულად გაართულა ვითარება კავკასიის რეგიონში და სამხედრო აგრესიის ახალი რეციდივებისადმი მიდრეკილება წარმოშვა. ამ სიტუაციაში აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებისთვის ყველაზე მთავარი კი, ჩვენი აზრით, რუსეთის ინტერესების ორბიტაში დაძაბულობის შენარჩუნებაა. ქვეყანა-მეტოქეს, რომელიც თავის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის და რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის პირობების კარნახი დაიწყო, სამხრეთ რეგიონში მუდმივად უწევს ძალთა მნიშვნელოვანი დაჯგუფების ყოლა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება რუსეთისთვის ფრიად წამგებიანი და კონტრპროდუქტიულია. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მიმდინარე წელს განხორციელდება კავკასიაში ვითარების ოპტიმიზაციისა და დაძაბულობის კერის ჩაქრობის საკვანძო მცდელობა. აქ, როგორც ჩანს, შესაძლოა, მრავალვექტორიანი ნაბიჯები გადაიდგას და, აგრეთვე, ადგილი ჰქონდეს საქართველოსთან პირდაპირ კავშირზე გასვლის მცდელობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
საქართველოს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ ერთადერთი ვარიანტი დარჩა – რემილიტარიზაციის გზით სვლა, მით უმეტეს, რომ ამერიკული მხარე ხალისით უჭერს მხარს პრეზიდენტის ყველა იდეას და ახირებას ამ მიმართულებით. თუმცა, გულახდილად ვთქვათ, არის კი აუცილებელი ქვეყნის ესოდენ მასშტაბური და უპერსპექტივო შეიარაღება, რომელიც მას უკვე შვიდი წელია, აუძლურებს? ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ომამდელ ბიუჯეტებთან და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ნიშაში საბრძოლო დანაკარგებთან ერთად, „დევნილური“ და ტერიტორიული დანაკარგების ჩათვლით, არანაკლებ 50-60 მილიარდი დოლარი ქარს არის გატანებული. ჩვენს დროს საბრძოლო ოპერაციების შედეგად დანაკარგი ბევრად მეტი იქნება. მითუმეტეს, რომ ომის მოგების არც თეორიული, არც პრაქტიკული შანსი არ გაგვაჩნია. ნებისმიერი თვალსაზრისით, მეტისმეტად შეუფარდებელი სიდიდეებია – რუსეთი და საქართველო, მათი გათანაბრება საზღვარგარეთიდან ზემძლავრ სამხედრო და ეკონომიკურ შემოდინებებსაც კი არ ძალუძს.
მითუმეტეს, რომ პრაგმატიკაზე დაყრდნობით, სამხედრო სფეროში საქართველოს თავისი ლოკალური ამოცანები აქვს და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს აუცილებელი სამხედრო რეგიონული მშენებლობისა და მომზადების ფარგლებს, რომელსაც, სხვათაშორის, უახლოესი გეოგრაფიული გარემოცვის აუცილებლობა კარნახობს.
გიგანტომანია და სამხედრო ბიუჯეტში ასეულობით მილიონი დოლარის ჩადება, აგრეთვე, მატერიალური სტიმული ოკეანის გაღმიდან ქვეყანას სხვისი ინტერესების საამებლად „გმირობების“ ჩადენას აიძულებს. განვლილი რვა წლის განმავლობაში სწორედ ეს არ გვაძლევს ქვეყანაში მისაღები სოციალური პოლიტიკის მოდელირების, ცხოვრების დონის ამაღლებისა და დევნილებისთვის გასაძლისი პირობების უზრუნველყოფის საშუალებას.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც საქართველოში ქალბატონი კლინტონის ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულია თეთრი სახლის მზადყოფნა – დაეხმაროს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განმტკიცებასა და ეროვნული საჰაერო ძალების მოდერნიზაციაში. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განთავსებულ შემაჯამებელ განცხადებაში ხაზგასმულია: „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს დახმარების გზები საჰაერო სივრცესა და სანაპირო ზოლზე დაკვირვების შესაძლებლობების განვითარებაში, აგრეთვე, სერჟანტთა შემადგენლობისა და ბრიგადის შტაბების სარდლობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში“.
ყურადღება მიაქციეთ: ლაპარაკია გარდასული ომის ყველაზე სუსტ ქართულ მხარეებზე. მნიშვნელოვანწილად სწორედ ავიაცია იყო რუსეთის წარმატების ღერძი, ხოლო ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ მეტისმეტად არაეფექტიანად იმუშავა. ნათქვამი ისე უნდა გავიგოთ, რომ მიმდინარეობს მზადება ახალი ბრძოლისათვის ამერიკული პატრონაჟით და ადრინდელი შეცდომები გამორიცხული იქნება. მაშასადამე, ოკეანისგაღმელი სამხედროები და პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ მოწინააღმდეგეებს შორის ძალების ახალ მოსინჯვას. თუმცა დიდი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებამდე საქმე, სავარაუდოდ, არ მივა, ვინაიდან სცენარის მიხედვით, ამიერკავკასიის ენერგეტიკული სატრანსპორტო დერეფანი შეფერხებების გარეშე უნდა მუშაობდეს. საკმარისია, გავიხსენოთ, როგორ ფხიზლად ადევნებდა თვალს დასავლეთი, რომ რუსეთის ავიაცია მიწის ქვეშ გამავალ მილსადენს არ შეხებოდა ან შეცდომით საკომპრესორო სადგურები არ დაებომბა.
უდავოა, რომ საქართველოს დღევანდელი სამხედრო პოლიტიკა ოკეანის გაღმა იწერება. მისი მიზანია საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში მაღალი დაძაბულობის შენარჩუნება ყველა მიმდინარე სარგებლით შტატებისათვის. სწორედ მისი კარნახით აენთო მწვანე შუქი ქართული ტექნიკის გამოშვებას და სამხედრო კონტინგენტის გაზრდას როგორც სამხედრო გაწვევის, ისე რეზერვისტების ხარჯზე.
საქართველო, რომელსაც სამოქალაქო მრეწველობის დარგები, პრაქტიკულად, არ გააჩნია, თავად უზრუნველყოფს ქვეყანას შეიარაღების გარკვეული სახეებით. მიმდინარე წელს წარმოდგენილი იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ზალპური ცეცხლის დანადგარები, უპილოტო საფრენი აპარატები; ხოლო 2011 წელს, როგორც ამბობენ, პიკაპი „Ford“-ის ბაზაზე, გამოშვებულ იქნა რამდენიმე ათეული დაჯავშნილი მანქანა „დიდგორი“. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუღალავად უკეთებს რეკლამას ქართული სამხედრო წარმოების შესაძლებლობებს. თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანებს ამასთან დაკავშირებით მუდამ გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდებათ. ოპოზიციონერმა-მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამ „საპრეზიდენტო პროგრამას“ პოპულისტური უწოდა, ვინაიდან საქართველოში სერიოზული სამხედრო ტექნიკის წარმოებისათვის აუცილებელი განვითარებული სამრეწველო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. არ შეიძლება ამას არ დავეთანხმოთ, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა სატვირთო ავტომანქანა „КРАЗ“-ის, ტრაქტორი „რიონისა“ და მრავალი სხვა ტექნიკის წარმოების აღდგენა, თანაც – არსებულ საწარმოო ბაზებზე.
ასე რომ, ეჭვები ქართული იარაღის ბუმთან დაკავშირებით მატულობს და უნდობლობას ბადებს როგორც სამხედრო რიტორიკისადმი მთლიანად, ისე მისი პრაქტიკული შემადგენლების მიმართ. ცხადია, ამერიკა დიდი და დიადი ქვეყანაა, მან ბევრი კარგი საქმე გაუკეთა საქართველოს, მაგრამ საინტერესოა, მეგობრობის მთელი ამ წლების (20 წლის!) განმავლობაში რატომ არ გახდა პრაქტიკული განხორციელების საგანი და რატომ არის დღემდე ჩრდილში მოქცეული საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები, ხოლო სამხედრო პროჟექტები, რომლებიც მილიარდობით დანახარჯებს მოითხოვს, აქტიურად იკაფავენ გზას და, უპირატესად, ქვიშაში იკარგებიან. ჰოდა, გვინდა, ვკითხოთ ქალბატონ კლინტონს, რომელიც თვალისმომჭრელი ღიმილით ხმამაღლა გამოთქვამს საეჭვო სენტენციებს: შეუძლია კი ღატაკ საქართველოს, იყოს შუქურა სხვებისთვის, იყოს დემოკრატიული და წინწასული ქვეყანა, როცა არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 40%-ზე მეტი უმუშევარია, ყოველთვიური საპენსიო უზრუნველყოფა კი ოფიციალურად, დაახლოებით, 70 ამერიკულ დოლარს შეადგენს?