აქტუალური
ზღულაძე: „ივანიშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს კანონი და დემოკრატია ამ ქვეყანაში“

1-zRulaZe-aqtualuri-1თბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ  „გლობალ TV“-ის კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს და განაგრძობს ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრ პოლიტიკას არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობებთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ „გლობალ TV“-თან დაკავშირებულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო მედიის შეზღუდვასთან. ზღულაძემ, რომელიც წარმოადგენს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიასაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტთან საუბრობს იმაზე, „თუ რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“.

„ბოლო თვეების განმავლობაში კანონის უგულვებელყოფის და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე დავდეგით“, – განაცხადა ზღულაძემ.

მისი თქმით, პოლიციამ სატელიტური ანტენები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „გლობალ TV“-ის მიერ კლიენტებისთვის უფასოდ სატელიტური ანტენების გადაცემა შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგანან და მუდმივად მიზანმიმართულად ცდილობენ, დაასუსტონ კანონი და, შესაბამისად, დემოკრატია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ზღულაძემ.

კოალიცია „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ „გლობალ TV“-ის საწყობებში შესვლა, სადაც სატელიტური ანტენები ინახება, იმის მაჩვენებელია, რომ  ხელისუფლება „სრულ აგონიაშია ჩავარდნილი“ და ცდილობს, რეგიონებში სატელიტური ანტენების გავრცელებას შეუშალოს ხელი, რათა შეზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

როგორც „გლობალ TV“-ის მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა, 22 ივნისისთვის, არსებული ინფორმაციით, 60 000 სატელიტური ანტენა იქნა დაყადაღებული.

„საქმე ეხება კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ  კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში კონკრეტული ამომრჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას – შესაბამისად, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება“, – განაცხადა ეკა ზღულაძემ.

„ჩვენ გვაქვს და განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება; ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას არ იქნება კომპრომისები“, – განაცხადა ზღულაძემ.

მან, ასევე, განაცხადა ამ კონტექსტში, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან ლიბერალური და ღიაა და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჰქონდეს თითოეულ ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა, მაგრამ მთავრობა კონსულტაციებს მართავს პარლამენტთან იმაზე, თუ რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს.

ზღულაძის განცხადებიდან ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით.

ეს განცხადება იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა საკაბელო ოპერატორების მიერ მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის „Must carry“-ისა და „must offer“-ის წესის შემოღებას საარჩევნო პერიოდში. ეს წინადადება, რომლის გატანასაც აქტიურად ცდილობდნენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციები, თავდაპირველად უარყოფილი იყო მმართველი პარტიის მიერ იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესში ჩარევა იქნებოდა.