ფონდმა ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები ერთი კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქოსგან „ქართუ ჯგუფმა“ ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულების თაობაზე თხოვნის წერილი მიიღო.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ მშენებლობის შეჩერების მოტივი ტაძრის არქიტექტურაა, რომელიც საპატრიარქოს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია პატრიარქის ყურამდე მივიდა, რომელიც ამ საკითხზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე გერასიმეს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ნარაზენის ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა 11 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით აშენებდა, თუმცა მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნია. ტაძრის არქიტექტურა, რომელიც საპატრიარქოს ხუროთმოძღვარ ელგუჯა გოგოხიას შექმნილია, 2002 წელს თავად საპატრიარქომ დაამტკიცა.
ნიკო დადიანი
საქინფორმი