პუბლიკაციები
ამერიკელი საზღვაო ქვეითები სამხედრო ბაზის ქონებას ინტერნეტის მეშვეობით ყიდდნენ!

1-morpexebiთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. როგორც vk.com იუწყება, აშშ-ის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო აღჭურვილობას იპარავდა და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ყიდდა. კრიმინალური ვაჭრობით მიყენებული საერთო ზარალი 2 მლნ დოლარად არის შეფასებული. ბოროტმოქმედთა საქმიანობას საზღვაო ქვეითთა კემპ-ლეჟენის ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად აეხადა ფარდა. ამის შესახებ გამოცემა „Jacksonville Daily News“ წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედროები არა მარტო სასიგნალო რაკეტებს, ფარნებს და ღამის ხედვის ხელსაწყოებს ასაღებდნენ, არამედ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალასაც. მყიდველები უბრალო ობივატელებიც იყვნენ და დანაშაულებრივ დაჯგუფებათა წევრებიც. აღჭურვილობას საზღვარგარეთის სახელმწიფოთა, კერძოდ, ჩინეთის მოქალაქეები იძენდნენ.

გამოძიების პირველი შედეგების მიღების შემდეგ საქმეში გფბ-ის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ძიების პროცესში ბიუროს აგენტებმა გაარკვიეს, რომ იარაღს შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეზობლად მდებარე ბაზაზეც ყიდდნენ. თუმცა ზუსტი ინფორმაცია მფრინავების დანაშაულის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

ამჟამად ბრალი წაყენებული აქვს 47 სამხედრო მოსამსახურეს და 21 სამოქალაქო პირს. ზოგიერთმა მათგანმა უკვე აღიარა დანაშაული და უმნიშვნელო სასჯელის მიღების იმედით გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ორ სამხედროს – კაპიტანს და სერჟანტს – უკვე მიესაჯა 18 და 40 თვით პატიმრობა სამხედრო აღჭურვილობის ქურდობისა და გაყიდვის, აგრეთვე, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, ისინი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.