პუბლიკაციები
შალვა ხაჭაპურიძე: „თურქები აცხადებენ, რომ ბათუმი ქართველების მიერ ოკუპირებული თურქეთის ტერიტორიაა!“

1-shalva-mtსაზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დეპუტატებს მოუწოდებს, დაიწყონ იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამის შესახებ ადვოკატმა განცხადება ა.წ. 8 ივნისს კინოს სახლში გამართულ „ეროვნულების“ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის თბილისის, აფხაზეთისა და ახალგაზრდული ბიუროები ჩამოყალიბდა. შალვა ხაჭაპურიძე კონფერენციაზე გაჟღერებული თემები საქინფორმთან საუბარში უფრო განავრცო.

პირველ რიგში, გილოცავთ საზოგადოებრივი მოძრაობა ეროვნულების დაარსებას და წარმატებას გისურვებთ. რა გეგმები გაქვთ და როგორ აპირებთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას?

 

– 20 წლის განმავლობაში პირველად მოხერხდა ჭეშმარიტად ეროვნული ძალების თავყრილობა. უკვე საფუძველი ჩაეყარა თბილისის ორგანიზაციას და ახალგაზრდულ ფრთას, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეები დღესაც ცოცხალია. ამასთან, ყალიბდება აფხაზეთის ბიურო. არჩევნების დროს აფხაზეთიდან ლტოლვილების გადაბირება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხოლმე, მაგრამ დღეს ამას ვეღარ შეძლებენ, რადგან ეს ხალხი ჩვენ გვერდითაა. თუმცა ჩვენთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს ახლავს მწუხარების შავი ღრუბელი, ეს ის ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც ქუთაისში ჩვენი ავადსახსენებელი პრეზიდენტის ახირების გამო დატრიალდა რამდენიმე დღის წინათ.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არ გასულა არცერთი დღე, „ნაციონალურ ხელისუფლებას“ ქართველების სისხლი რომ არ დაეღვაროს. ყოველდღიურად ეწირებიან ქართველები ამ ხელისუფლების უაზრო მიზნებსა და ახირებებს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ – „ეროვნულები“ და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები აღარ დავუშვებთ, ხელისუფლებამ გააგრძელოს თავისი უგუნური და სისხლიანი პოლიტიკა.

„ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში საქართველოში არაერთი უბედურება დატრიალდა, რომლებიც დაივიწყეს, მაგრამ ისტორიასა და ხალხს არაფერი ავიწყდება. მათ ჩვენ ომი გამოგვიცხადეს, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს ომი მათ საწინააღმდეგოდ მიიმართება და დამარცხდებიან. რომ არა „ნაციონალების“ კაცთმოძულე პოლიტიკა, არ მივიღებდით იმ სურათს, რაც დღეს საქართველოშია.

ჩვენი იურისტების ჯგუფი სწავლობს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისას მომხდარი ტრაგედიის საკითხებს და დასკვნები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ნახეთ, ალბათ, ჩვენი პრეზიდენტის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ხარაჩო ჩამოინგრა. ნახავდით ინტერნეტში ფოტოებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ ჩამონგრეულია არა დამხმარე შენობის ხარაჩო, არამედ უზარმაზარი საყრდენი კედელი, რამაც ხალხი მოიყოლა. დაზუსტებით ვიცით, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ორი მუშაა დაღუპული და არ ახმაურებენ. დაშავებულია უამრავი ადამიანი, რასაც ხელისუფლება მალავს. ამ უბედურებაზე მთელი პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება!

პარლამენტარებს, რომლებიც რამდენიმე წელია, მეშოკებივით ყრიან პარლამენტის შენობაში, მოვუწოდებთ, რომ ერთხელ მაინც რაღაც სასიკეთო გააკეთონ ცხოვრებაში თავისი სამშობლოსათვის და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდვები როგორმე ჩამოირეცხონ ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ, დაიწყონ იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუ ისინი ამას არ განახორციელებენ, ჩვენი აქციებით დეპუტატებს იძულებულს გავხდით, იმპიჩმენტისკენ გადადგან ნაბიჯი. განვახორციელებთ დეპუტატებზე ზეწოლას, რათა შეასრულონ თავისი კონსტიტუციური მოვალეობანი: ან უნდა გახდნენ  ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს მართლა პარლამენტარები, ან მიიკერონ ქვეყნის მოღალატეების იარლიყი და ატარონ მთელი ცხოვრება.

ზოგადად, რა აზრის ხართ ხელისუფლების ახალ იდეაზე პოლიტიკური ცენტრი თბილისიდან ქუთაისში გადაიტანონ?

– თბილისის პოლიტიკური ცენტრის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ თბილისი უნდა გადავცეთ სხვა მეზობელ სახელმწიფოს. არ ვართ არც ნაცისტები და არც ფაშისტები, მაგრამ საქართველო უნდა იყოს ქართველების, პოლიტიკური ცენტრით თბილისში. ვიღაცები ერიდებიან ამ განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ამასობაში ბათუმი თურქული ქალაქი გახდა, თბილისი სომხური ქალაქი ხდება. ვიცით, რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში...

ბათუმი ახსენეთ. რამდენიმე დღის წინათ საკმაოდ სერიოზული განცხადებები გააკეთეთ ბათუმთან დაკავშირებით თურქულ სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, რომ ბათუმი თურქეთის ძირძველი ტერიორაა და რომ ის ქართველებს ოკუპირებული აქვთ...

– დიახ, თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში ქალაქი ბათუმი აღნიშნულია როგორც ქართველების მიერ ოკუპირებული თურქული ტერიტორია. კერძოდ, „ქემალიზმის ისტორიაში“, სადაც 24-ე გვერდზე განთავსებულია რუკა, აღწერილია პირველი მსოფლიო ომის შედეგები. არდასის ხელშეკრულების მიხედვით, თურქები აცხადებენ, რომ ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა და იგი ოკუპირებულია ქართველების მიერ. ასეთ ისტორიას ასწავლიან ბავშვებს და იმას, რომ ყველა ჭეშმარიტი თურქის ვალია, ბათუმი დაუბრუნოს თავის ისტორიულ სამშობლოს – თურქეთს!

მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა თურქული სახელმძღვანელოებიდან ამოიღონ ეს ეპიზოდი. ბათუმის მიტაცება თურქეთის მიზანია. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმი თურქეთის საკუთრებაა, რომელიც საქართველოს მიერაა ოკუპირებული. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ჰყავს უნიათო და სამშობლოს მოღალატე ხელისუფლება და ასეთ პირობებში გასაკვირი არაა, სხვა სახელმწიფოს ინტერესი გაუჩნდეს როგორც დავითგარეჯზე, ისე ბათუმსა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. ქვეყანაში სანამ არ გვეყოლება ეროვნულ თვითშეგნებაზე დამყარებული ხელისუფლება, ყოველთვის იქნება ანალოგიური პრობლემები, როცა ჩვენზე ძლიერი სახელმწიფო ეცდება საქართველოს ტერიტორიების მითვისებას. ეს წიგნი ბოლო 5-6 წელიწადია, რაც გამოჩნდა თურქულ სკოლებში. სახელმძღვანელო თურქეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული და, შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია.

აჭარაში თურქებს განსაკუთრებული პრივილეგიური უფლება ისევ და ისევ ჩვენმა ხელისუფლებამ მიანიჭა. კერძოდ, სააკაშვილის ისტერიკულმა პოლიტიკამ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აჭარასა და ბათუმზე გაკეთებულმა აქცენტებმა. დღევანდელი ხელისუფლება თავის ნებით უსრულებს თურქებს იმ სურვილებს, რაც ამდენი ხნის განმავლობაში აქვთ აჭარასთან დაკავშირებით.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო 26 მაისს ქუთაისში ჩატარებული აღლუმი, სადაც ქართულ ხუთჯვრიან დროშასთან ერთად თურქული დროშაც ფრიალებდა. ვეჭვობ, ჩვენი ხელისუფლების „კეთილმეზობლური“ დამოკიდებულება თურქეთთან სანანებელი გაგვიხდება. თუ საზოგადოება, ჭეშმარიტად ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები ხელს არ შევუშლით აჭარის და, განსაკუთრებით, ბათუმის გათურქებას, მერე გვიან იქნება.

ესაუბრა თეო ტაბატაძე

საქინფორმი

1-shalva-qvemot1 1-shalva-qvemot2