სამართალი
გროვდება ხელმოწერები „must carry“-ს პრინციპის მხარდასაჭერად

1-must-samarTali-3თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ საინფორმაციო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის „Must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების საკანონმდებლო ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ უარი უთხრა ამ წინადადების გაზიარებაზე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 21 ივნისს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების წარდგენის უფლების მოსაპოვებლად საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომლებიც ამისთვის, სულ ცოტა, 30 000 ხელმოწერას შეაგროვებენ.

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელმოწერების შეგროვებას, რისთვისაც კანონით, მაქსიმუმ, 45-დღიანი ვადა არის გათვალისწინებული, მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

თუმცა აღნიშნული პროცესის დასრულება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც ივნისის ბოლო პარასკევს მთავრდება, ვერ მოესწრება. ამასთან, ინიცირების შემდეგ კანონპროექტის მისაღებად სამი მოსმენის პროცედურების გავლაა აუცილებელი.

„Must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპები, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და, მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ-ერთი საკაბელო ქსელით გასულიყვნენ ეთერში.

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „Must carry“-სა და „must offer“-ის წინასაარჩევნოდ დაკანონება მედიაგარემოს გააუმჯობესებს და პლურალისტურ მედიაზე წვდომის გზით ხელს შეუწყობს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამ პრინციპების დაკანონებას მხარს უჭერს 11 კვალიფიციური ოპოზიციური პარტიაც.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატები ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას იმ არგუმენტით, რომ ახალი რეგულაციების შემოღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევა იქნება.