პოლიტიკა
სენსაცია! „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი ა.ხიდირბეგიშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობს ბ. ივანიშვილის წინააღმდეგ!

1-politNEW-arnoთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. მე, „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, საღი გონებითა და მტკიცე მეხსიერებით, ნებაყოფლობით, ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივიღე გადაწყვეტილება, ვითანამშრომლო საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და კონტროლის პალატასთან მივცე ჩვენება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

როგორც ჩემი სამშობლოს კანონმორჩილი მოქალაქე, უკვე ვეღარ გავჩუმდები და გაცნობებთ ყველაზე მსხვილი მოსყიდვის შესახებ, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა მოისყიდა და რომელთან შედარებით კონტროლი მოგელაძის  მიერ გახსნილი მოსყიდვის ყველა საქმე – გროში მოწყალებაა!

ვინანიებ, მწარედ ვცდებოდი, როდესაც მთელი ეს წლები საჯაროდ ვდებდი ბრალს პრეზიდენტ სააკაშვილს, ამიტომ, ჩემი დანაშაული ოდნავ მაინც რომ გამოვისყიდო, ივანიშვილსაც საჯაროდ დავდებ ბრალს!

მაშ ასე, ყურადღება: ბიძინა ივანიშვილმა ვერაგულად მოისყიდა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობა და მათთვის თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ააშენა (მუსლიმანების, კათოლიკეების, გრიგორიანელების, მოუნათლავებისა და სექტანტების გარდა)!

ივანიშვილის განზრახვის ვერაგულობაზე ისიც მოწმობს, რომ ტაძრის არცერთ კედელზე ერთი პაწაწინა დაფაც კი არ არის მისი გვარით: მან სცადა, ამომრჩევლებისთვის დაემალა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი ააშენა და ამით მთელი საქართველო მოისყიდა!

მივმართავ მთავარ პროკურატურას, სასამართლოს, კონტროლის პალატას და ეროვნულ აღმასრულებელ ბიუროს: სასწრაფოდ დააყადაღეთ წმინდა სამება და დალუქეთ ტაძარი! შემდეგ შეაფასეთ და იძულებით აუქციონზე 30 ვერცხლად გაყიდეთ, როგორც ამას ახალი კანონი მოითხოვს (პირველი ასეთი პრეცედენტი ჯერ კიდევ  2012 წლის წინ განთიადზე მოხდა, მაშინაც მამლები ყიოდნენ...),

ხოლო თუ გაყიდვა არ გამოგივათ ძირის ძირამდე დაანგრიეთ, იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველოს პატრიოტებს, ოლიგარქის რუსულ ფულზე აშენებული ტაძარი არ გვჭირდება!

ბარემ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი,  თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული თეატრი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი და კულტურის ყველა ის კერა დავანგრიოთ, რომლებიც დღეს ივანიშვილის ვერაგულობის წყალობით არსებობს!

მივმართავ ყველა პოლიციელს, სამხედროს და სახელმწიფო მოხელეს: დაითვალეთ თქვენი ხელფასი 2004 წლიდან და ჯამში მიღებული თანხა ივანიშვილს დაუბრუნეთ, რომელმაც მხოლოდ ახლა აღიარა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხელფასს სოროსი კი არა, ის გიხდიდათ, ანუ ვერაგულად მოგისყიდათ, თანაც – ფარულად, რათა ამაზე წარმოდგენაც კი არ გქონოდათ!

მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს: რად გვინდა რადიო სამარშრუტო ტაქსებში, თანამგზავრული ანტენები, კომპიუტერები და ინტერნეტი „ვაი ფაი“, რომელთა მეშვეობით ბიძინა თავის ვერაგულ პროპაგანდას – ჩვენს მოსყიდვას ეწევა?! ქუჩებში, ყოველ მეათე ბოძზე, შავი რეპროდუქტორები დავკიდოთ და მხოლოდ ვაი მიშას ვუსმინოთ!

 

თბილისი, 2012 წლის 22 ივნისი, განთიადზე.

ცნობისათვის: 1941 წლის 22 ივნისს განთიადზე, შავი რეპროდუქტორებით გამოგვიცხადეს, რომ ომი დაიწყო...