სამართალი
ნოდარ ჯავახიშვილი: „არ არის გამორიცხული, ბანკ „ქართუში“ივანიშვილს წილი დაუყადაღონ

1-aRsrul-samarTali-1თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბანკის დაყადაღების უფლება არ აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბანკ „ქართუში“ ბიძინა ივანიშვილს წილი დაუყადაღონ.

მისი თქმით, ბანკი მისი დამფუძნებლის ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, წილის რეალიზაციაზე საკითხი დააყენონ.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაც და კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად უკანონოა და ამიტომ ასეთი უკანონობის შემთხვევაში როგორ შეიძლება კანონიერების ფარგლებში გავაკეთო კომენტარი?“ – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ამასთან, იგი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბანკი „ქართუს“ ბენეფიციარი დამფუძნებელი.

„ჩვენი კანონმდებლობით, ბენეფიციარი დამფუძნებელი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის ბენეფიციარი დამფუძნებელია. ბიძინა ივანიშვილს ასეთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს და წარდგენილია ეროვნულ ბანკში. თუმცა იმის მერე გააკეთა თუ არა განაცხადი ბატონმა ბიძინამ, ჩემთვის უცნობია და, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, არის თუ არა ის „ქართუს“ ბენეფიციარი დამფუძნებელი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო და სააღსრულებო წარმოება დაიწყო.

დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.

ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად კიდევ 7 დღე მიეცემა, გადაუხდელობის შემთხვევაში კი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დაიწყება, რომლის ფარგლებში შესაძლოა ,ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არსებული ქონება დაუყადაღონ.

კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და და საბოლოოდ მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.

ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.