თბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, უწყება დააფინანსებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირთა სწავლას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც ამ რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრანტები საქართველოს მთავრობის ინიციატივით მოქმედი სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ საქართველოს სტატუსნეიტრალური დოკუმენტებს აღიარებს, რათა აფხაზეთისა და სამხრეთო ოსეთის მოქალაქეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა შეძლონ.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბას განცხადებით, საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები და პირადობის მოწმობები ხაფანგია, რომელთა საშუალებითაც თბილისი აფხაზების მის წიაღში შეტყუებას ცდილობს.
„ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და ვიმედოვნებთ, რომ მათ ესმით, რამდენად სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების შემოთავაზება ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც სისხლისმღვრელი ომი და მკაცრი ბლოკადა გამოიარეს, და რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, არასდროს აიღებენ ამ დოკუმენტებს“, – განაცხადა ხინთბამ.
19 ივნისს აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში ჩეხეთის ელჩს საქართველოში ივან ჟესტრაბს შეხვდა. „აპსინიპრესის“ ინფორმაციით, ანქვაბმა ჩეხ დიპლომატს განუცხადა, რომ სოხუმსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გარკვეულ სტაგნაციას განიცდის. როგორც ანქვაბმა აღნიშნა, დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ „ჩვენ არასდროს დავბრუნდებით საქართველოში“.
19 ივნისს ჩეხეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩეხმა დიპლომატმა „დიდი მოცულობის ინფორმაცია მიიღო აფხაზეთში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ“.
„ჩეხეთი გახდა მეორე ქვეყანა იაპონიის შემდეგ, რომელმაც ე.წ. ქართული ნეიტრალური პასპორტები აღიარა. და, რა თქმა უნდა, მე ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა, აფხაზეთში ჩამოსულიყო (ჩეხეთის ელჩი, – საქინფორმი), სანამ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული“, – განაცხადა ლაკერბაიამ.