პოლიტიკა
გიორგი კარბელაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი ვაკეში

1karbelaSvili-politika-2თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თბილისში, ვაკის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატების დასახელება თვის ბოლოსთვის იგეგმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.

კარბელაშვილმა, რომელიც „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, ბოლო პერიოდში ბევრი შექება მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილისგან, მათ შორის, იმ წვლილის გამო, რომელიც მან სომალელი მეკობრეების 16-თვიანი ტყვეობიდან 15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში გასწია წლის დასაწყისში.

რაც შეხება ვაკეს, ის ორიდან ერთ-ერთი ოლქი იყო თბილისის ათი მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

2010 წელს თბილისის მერის არჩევნებზე ვაკის ოლქი ერთადერთი იყო თბილისში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა და ამჟამინდელმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხმათა 50%-ზე ნაკლები (46.8 %) დააგროვა და სადაც მისმა მთავარმა კონკურენტმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 მაჟორიტარული ოლქიდან ამ დრომდე მაჟორიტარი დეპუტატობის ცხრა კანდიდატი დაასახელა, თბილისის კანდიდატები ჯერ არ წარუდგენია.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალური დარეგისტრირება მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტი არჩევნების თარიღს,  სულ ცოტა, 60 დღით ადრე დანიშნავს.

გიორგი კარბელაშვილს, რომლის ამჟამინდელი თანამდებობაც პარლამენტის წევრობის სტატუსთან შეუთავსებელია, მოუწევს მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან 2 დღეში.

კანონმდებლობის თანახმად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 პროცენტისა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიულ კანდიდატებთან ერთად მაჟორიტარად კენჭისყრის უფლება ექნებათ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც, რომლებსაც 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფები წარადგენენ.