პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე: „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება...“

1analit-new-rcxiladzeსაქართველოსა და მსოფლიოს აქტუალური მოვლენების კომენტარს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი გულბაათ რცხილაძე აკეთებს.

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მომენტი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უდავოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტი გახდა. მას მოუთმენლად ელოდა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველს ჩატარებული რეფორმების, ქვეყანაში დემოკრატიის ზეიმის უზენაესი მოწონების იმედი ჰქონდა, მეორეს მორალური მხარდაჭერისა დიქტატორულ რეჟიმთან ბრძოლაში. და, როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილი დარჩა...

 

– დიახ, მართლაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება, ისევე, როგორც თავად ვიზიტისა. მისი მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი დებულება იყო შიდაქართული საკითხი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შუქზე. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კლინტონი მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლას. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საპირისპიროს აცხადებს. კერძოდ, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი, ისევე, როგორც გამონათქვამები, არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ მთლიანად საქართველოს კურსის პირდაპირი მხარდაჭერაა. გასაგებია, რომ ხელისუფლება ჩვენთან გარკვეულწილად ყველა შემთხვევაში შეიცვლება, არჩევნების შემდეგ პარლამენტი ასეთი მონოპარტიული აღარ იქნება. „ნაციონალების“ ადგილს სხვები დაიკავებენ. ასე რომ, ხელისუფლების არსებითი ცვლა მოსალოდნელი არ არის. თავად მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ყველა „მონაპოვარს“ მოფრთხილება, გაღრმავება სჭირდება და ეს ხანგრძლივი პროცესია. ახლა რაც შეეხება ვიზიტის ჩემეულ შეფასებას... დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ საგანგებოდ დატოვა მრავალგვარი განმარტების შესაძლებლობა. ეს იმისთვის კეთდება, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც კმაყოფილი იყოს და, ამავე დროს, რაღაცა დაფარული დარჩეს... აშშ-ის პოლიტიკური თამაში საშუალებას აძლევს მას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაეყრდნოს – საქართველოში მოვლენების განვითარების მიხედვით. ვფიქრობ, შტატებში არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი სურვილი, პრემიერ-მინისტრის სავარძელში სახელდობრ სააკაშვილი ან ივანიშვილი იხილონ. და საქმე აქ, რა თქმა უნდა, ობიექტურობასთან არ გვაქვს. პირიქით. აი, დააკვირდით – სწორედ აშშ-მ გახვია ივანიშვილი თავის პროამერიკულ ბადეში. ცხადია, რომ ივანიშვილის მიერ შეკრებილი გუნდი არა მხოლოდ მის პირად სიმპათიებს ან ანტიპათიებს გამოხატავს, არამედ ხარკს უხდის იმ რიტორიკასაც, რომელიც ჩვენში ბოლო ოცი წლის განმავლობაშია გაბატონებული. აშშ-ის მიერ ამჯერად არჩეული მომლოდინე პოზიცია საკმაოდ მომგებიანია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პოლიტიკური ძალები ერთი კურსის კალაპოტში იყვნენ მოქცეული. და ამ კურსს უზრუნველყოფს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე – დიდი ალბათობით – „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ივანიშვილის პირად შეხვედრას კლინტონთან, ის, პრინციპში, არ შეიძლებოდა შემდგარიყო. ის რომ, პროტოკოლის საწინააღმდეგოდ, ასეთ ფორმატში გამართულიყო ადამიანთან, რომელიც პარტიის ხელმძღვანელიც კი არ არის, ეს ერთადერთი რამის – აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის ცალსახა მხარდაჭერის  მანიშნებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლება სრულიად პარალიზებული დარჩებოდა. ამერიკელებს  კი კონკრეტულ არჩევნებამდე საქმის მიყვანა სურთ, ხოლო იქ, ვიმეორებ, სიტუაცია გვაჩვენებს.

ნაადრევია ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის საკითხის დასმაც. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დათანხმდეს თუ არა ხელისუფლების პირობებს და არჩევნებში არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მოქალაქის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე მისი უარი, ერთი მხრივ, პოლიტიკურად გამართლებულია. ეს შეთავაზება არანაირ ჩარჩოში არ ეტევა: ხელისუფლება კონსტიტუციას თავისივე შეცდომებისა და ახირებების გამო ცვლის. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სიტუაცია შესაძლოა, ივანიშვილს ცუდად შემოუბრუნდეს. ძალთა როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ? დავუშვათ, სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიები თანაბარ ხმებს დააგროვებენ, და თუ პარლამენტში პატური სიტუაცია შეიქმნება, პრეზიდენტის პოსტი საკმაოდ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლებამოსილებები უკვე პრემიერ-მინისტრზეა დელეგირებული. ძნელი სათქმელია, რას ფიქრობს ამ შესაძლებლობაზე თავად ივანიშვილი. დავუშვათ, ის არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. მერე რა მოხდება? დათანხმდება თუ არა ის იმავე პირობებს პრეზიდენტის არჩევნებისთვის? ამგვარი პოზიცია შესაძლოა, საპრეზიდენტო კამპანიაში მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში მათ შორის ურთიერთობის მორიგ გამწვავებას დაემთხვა. ვნებათაღელვა ორივე მხარეს გამძაფრებულია. ესე იგი ისევ ომი?

– სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ გაყოლებაზე წერტილოვანი სროლა, რომელსაც მესაზღვრეებში ორივე მხრიდან მსხვერპლი მოსდევს, პირველად როდი ხდება. ამჯერად მსხვერპლი მეტია, რადგან სროლა უფრო მასშტაბური იყო. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არის ბუფერული ზონა, გამყოფი ხაზი, რომელსაც მესამე ქვეყნების მშვიდობისმყოფელები დაიცავდნენ, ეს კი პერსპექტივაში საშიშია, შესაძლებელია კონფლიქტის ესკალაცია. არ არსებობს კონფლიქტის რეალურად მოგვარების პროცესი, მხოლოდ ლაპარაკი და მეტი არაფერი. ისინი უნდა გაერკვნენ – უნდათ თუ არა ამ ურთულეს კონფლიქტში არბიტრად რუსეთი. სომხეთი მისი ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს, აზერბაიჯანი კი ამას ვერ ეგუება. დღევანდელი მოვლენების შემდგომი განვითარების წინასწარ გამოცნობა ძნელია.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. განხეთქილების ვაშლად დავითგარეჯი იქცა...

– ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც „გაირკვა“, სამონასტრო კომპლექსი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ 1994 წელს გაიყო! საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებაც არის. სინამდვილეში კი ამგვარი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს! ერთმა ორგანიზაციამ (სამწუხაროდ, მისი დასახელება არ მახსოვს) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ეს დოკუმენტი გამოითხოვა. სამინისტროში კი კულტურის მინისტრის განცხადების შესახებ არ იცოდნენ და სწორი პასუხი გამოგზავნეს – დოკუმენტი არ არის. ამასწინათ ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე გამოვაქვეყნეთ 1997 წლის მიმოწერა ედუარდ შევარდნაძესა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელ ვალერი ჩხეიძეს შორის. მასში ნათქვამია, რომ მონასტრის ნაწილი – ბერთუბანი – საბჭოთა საზღვრების მიხედვით აზერბაიჯანშია. მაგრამ ეს ხომ მთის ქედია. აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ ქედი საზღვრის ბუნებრივი გამყოფია. როგორც იცით, ჩვენ ერთმანეთს ახლაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებში ვაღიარებთ, ოღონდ რა საზღვრებზე შეიძლებოდა ლაპარაკი სსრკ-ში? რა თქმა უნდა, მათ დაახლოებით, არაზუსტად აღნიშნავდნენ. რეალურ საზღვრებს კი დემარკაცია და დელიმიტაცია სჭირდება, მაგრამ ასეთი სამუშაოები არ ჩატარებულა – ესეც ჩემ მიერ ხსენებულ დოკუმენტშია ნათქვამი. ასე რომ, დისკუსიისთვის მასალა არსებობს. შევარდნაძისა და უფროსი ალიევის დროს მონასტრის საკითხი ასე მწვავედ არ იდგა. მისი მიყრუებული ტერიტორია აზერბაიჯანს დიდად არ აინტერესებდა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა – მრავალრიცხოვან ტურისტებს განუმარტავენ, რომ ეს ქართული ისტორიული ძეგლია. თუნდაც ვაღიაროთ. რომ ეს ტერიტორია მეზობელ სახელმწიფოს ეკუთვნის, მონასტერი ხომ აზერბაიჯანული არ არის. და მას თავისი მრავალსაუკუნოვანი კანონიერი მფლობელი ჰყავს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამის იგნორირება აზერბაიჯანს არ შეუძლია. დააკვირდით, რა არის პრობლემის არსი. აზერბაიჯანელები ამტკიცებენ, რომ ეს ძველალბანური ისტორიული ძეგლია. ალბანეთი რეალურად არსებობდა, მაგრამ ის გაქრა! მისი მოსახლეობა გამუსლიმანდა და ყველანაირი უფლება დაკარგა მონასტერზე, რომელიც თუ ადრევე არ იყო, ყველაზე გვიან, ქრისტიანული ალბანეთის გაქრობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერი სამფლობელო გახდა.

საქართველო და აზერბაიჯანი ისე უნდა შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, კონკრეტულად, სად დადგინდება სახელმწიფო საზღვარი, ჩვენი მოქალაქეები სამონასტრო კომპლექსის ყველა ნაწილში თავისუფლად დაიშვებოდნენ. ჩვენი მიზანი ხომ აზერბაიჯანის საზღვრის დარღვევა, მის ტერიტორიაზე შეჭრა კი არ არის, არამედ მხოლოდ რელიგიური და ტურისტული მიზნებით მონასტრის მონახულება. კი ბატონო, აზერბაიჯანელებმაც ჩამოიყვანონ თავიანთი ტურისტები ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, თუ აინტერესებთ. სხვათაშორის, ქართული მხარე მათ გარეჯის სანაცვლოდ ნაყოფიერ მიწებს სთავაზობდა, მაგრამ უარი თქვეს. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეიარაღებული მესაზღვრეების ჩაყენება იგივეა, ქართული პოლიცია მარნეულის ან თბილისის მეჩეთში რომ შევიდეს. ეს მკრეხელობაა! აზერბაიჯანთან მშვიდობიანი და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ეს ორივე მხარემ უნდა დააფასოს. რა საჭიროა წყლის ამღვრევა?

რუსეთთან ურთიერთობაშიც ყველაფერი რთულად არის. როგორ აღმოვფხვრათ მტრობა და როგორ გავიდეთ ნორმალურ კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე?

– იცით, რუსეთ-საქართველოს საკითხი ჩემი მუდმივი სასაუბრო საგანია, და მან უკვე ბოლო მომიღო! მეკითხებით, როგორ აღმოვფხვრათ მტრობა? მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით – არანაირი მტრობა არ არსებობს. მის დათესვას ხელოვნურად ცდილობდნენ სააკაშვილი და მისი გარემოცვა. რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი სიგნალი იყო, რომ მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების პირობებშიც კი დიალოგის წარმოება შესაძლებელია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი თავის პოზიციაზე უარს იტყვის. მიმაჩნია, რომ ჩვენ სხვა – ქართულ-აფხაზურ-ოსური სახელმწიფოს შექმნისკენ უნდა წავიდეთ. დიახ, მიწები ჩვენია! მაგრამ იმ ეთნოსთა ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ამ მიწებს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ, ჩვენგან განსხვავებით... საქართველო ერთიანია, და ეს წმიდათაწმიდაა. ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს არ ვანიავებთ, მაგრამ, როგორც ხვდებით, დიპლომატიას ბევრი რამ შეუძლია, მათ შორის, ის ზოგიერთ იურიდიულ ეშმაკობაშიც ძლიერია. ამისი მაგალითი უამრავია. თუმცა ამ თემაზე საუბარმა შესაძლოა, შორს წაგვიყვანოს. ვიმეორებ, სავსებით შესაძლებელია ახალი საკავშირო სახელმწიფოს შექმნა რუსეთის პატრონაჟით. საქმე, იცით, რა არის: აფხაზები და ოსები არ გვენდობიან, ეშინიათ, რომ მოვატყუებთ, ჭკუაში ვაჯობებთ და ომს დავუწყებთ. მათი უსაფრთხოების და, ამავე დროს, საქართველოს ერთიანობის გარანტი შეიძლება და უნდა გახდეს რუსეთი. იცით, დღეს ვერც კი ვიოცნებებთ იმ პირობებზე, რომლებიც 90-იან წლებში რეალურად იყო. შეგახსენებთ, რომ 1996 წელს რუსეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას დსთ-ის დონეზე აფხაზეთის ბლოკადის შესახებ. და 1997 წელს თბილისში ვლადისლავ არძინბა და ევგენი პრიმაკოვი ჩამოვიდნენ. არძინბა მაშინ საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა შემრიგებლური სიტყვებით: „პროცესი დაიწყო“... მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? ედუარდ შევარდნაძე ძალიან მკვეთრად ცვლის კურსს დასავლეთის მიმართულებით და აცხადებს, რომ მალე ნატოში უნდა შევიდეთ... ამ ნაბიჯის გადადგმა შევარდნაძეს ამჟამად ხელისუფლებაში მყოფმა მისმა გარემოცვამ – ეგრეთ წოდებულმა ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა აიძულა. და როდესაც დღეს ხელისუფლება შევარდნაძის ეპოქას ახსენებს, მაინტერესებს, მაინც რომელ ეპოქაზეა ლაპარაკი? რეალური ის არის, რომ ეს მათი დრო იყო! სააკაშვილი მაშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, მერე ფრაქციის ლიდერი გახდა. ზურაბ ჟვანია კი 1995 წლიდან ედგა სათავეში პარლამენტს, რომელსაც, დღევანდელისგან განსხვავებით, უზარმაზარი პოლიტიკური წონა ჰქონდა.

საერთაშორისო ვითარებას გადავხედოთ. თუ შეიძლება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტზე გააკეთეთ კომენტარი...

– ევრაზიული სივრცის ლიდერებს – რუსეთსა და ჩინეთს – შორის მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს. წარმატებულ თანამშრომლობას კონტინენტური ბლოკის შექმნისკენ მივყავართ. როგორც იცით, ამ სივრციდან აქტიურად განიდევნება დოლარი, ჩინეთი და რუსეთი ვაჭრობაში საკუთარ ეროვნულ ვალუტებზე გადავიდნენ. ყველა ეს ქმედება ამერიკულ ჰეგემონიას ფეხქვეშ ნიადაგს აცლის. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთ-ჩინეთის ტანდემი ჩვენს პატარა ქვეყანას უზარმაზარ შესაძლებლობებს უხსნის. თუ ამ ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციას შევძლებთ, ვეებერთელა სავაჭრო ბაზარზე ადგილის დაკავების შანსი გვექნება. ევროპული ბაზარი ხომ ჩვენთვის დახურულია. თანაც ვის რაში ვჭირდებით იქ ჩვენი საქონლით?

პროტესტების და დემონსტრაციების სერია მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ცნობილი გახდა,როგორც არაბული გაზაფხული. თქვენი აზრით, როგორ აისახება ის ისეთი ქვეყნების ბედ-იღბალზე, როგორიც არის, მაგალითად, ტუნისი, სირია, ლიბია? როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე დასავლეთს?

– „არაბულმა გაზაფხულმა“, ანუ როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, „არაბულმა გამოღვიძებამ“ მაშინვე მიიქცია დასავლეთის ყურადღება, რომელიც შეეცადა, სათავეში ჩასდგომოდა ამ პროცესს, რათა გაეკონტროლებინა ის. მოდი, ქრონოლოგია აღვადგინოთ. ტუნისის პრეზიდენტი რამდენიმე დღეში გააძევეს, მაგრამ ეგვიპტეში სცენარი აშკარად დროში გაიჭიმა. მუბარაქი წასვლას არ აპირებდა. დაიწყო დიდი საპროტესტო მოძრაობა, მას სისხლისღვრა მოჰყვა. ამერიკელები, ისევე, როგორც ევროპელები, ორაზროვანი განცხადებებით შემოიფარგლნენ და რეალურად რაიმე რადიკალური ზომები არ მიუღიათ. ხანგრძლივი დუმილი პირველმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა  დაარღვია, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდა მუბარაქს. მალე მის მაგალითს სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს. ზუსტად ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს საგანგებოდ შეთანხმებული, ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროპას, და, მეორე მხრივ, თურქეთს შორის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გარდა ამისა, მიუხედავად ასადის რეჟიმთან კარგი ურთიერთობისა, თურქეთმა განაგრძო თავისი პოლიტიკა სირიაში. რეგიონის „რევოლუციურად“ განწყობილ სუნიტებს შორის ამ ქვეყნის იმიჯი იზრდება.

რამდენადაც ცნობილია, ლიბიის ლიდერი საკმაოდ კარგად თანამშრომლობდა დასავლეთთან.

– კადაფი, მართალია, კონტაქტში იყო დასავლეთთან, მაგრამ მუბარაქისაგან განსხვავებით, „დასავლეთის კაცი“ არ ყოფილა. ის აშშ-ს არ გამოუზრდია და არ მოუყვანია ხელისუფლების სათავეში. თანაც მასთან ძველი პრეტენზიებიც ჰქონდათ...  ამიტომაც გაუსწორდნენ ასე სწრაფად და სასტიკად. ასადი, დასავლეთის თვალსაზრისით – საერთოდ, მტერია. რატომ? იმიტომ, რომ სირიას და ირანს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან. ხედავთ, როგორი მჭიდრო ჯაჭვი გამოდის – ირანი, ერაყი, სირია, ლიბანი, რომელზეც არ ვრცელდება დასავლეთის დომინირება. როგორც ამბობენ, ძალა ერთობაშია, ამიტომაც ცდილობენ ამერიკელები ამ მეტად სერიოზული რგოლის – სირიის ამოგდებას. მათ ხელს აძლევთ იქ ნებისმიერი რეჟიმის დამყარება. თუნდაც ეს ისლამისტების, რადიკალი სუნიტების რეჟიმი იყოს, რომლებიც, როგორც ეგვიპტეში, ქრისტიანებს და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს დახოცავენ, ტაძრებს დაანგრევენ. მთავარია, ეს რეჟიმი საკმარისად ქაოსური იყოს, იმის მსგავსი, რასაც დღეს ლიბიაში ვხედავთ. ანუ სრული გაურკვევლობა და გაუცნობიერებელი, მაგრამ ერთგული მორჩილება დასავლეთისადმი. ირანისათვის სირიის წართმევა უფრო გართულდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასადის რეჟიმი დამთმობი არ აღმოჩნდა, და ირანიც ძალიან ძლიერად და სრულიად ლეგიტიმურად უჭერს მას მხარს. სირიის სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის  აღიარებული. ახლა კი მსოფლიოს თავს ახვევენ სხვაგვარ მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. რაში მდგომარეობს ის? ყველაფერი მეტად მარტივია – ვინც დასავლეთს მოსწონს, მას შეუძლია სუვერენიტეტის პრინციპის იმედი ჰქონდეს, ხოლო ვინც ეწინააღმდეგება – ის შესაძლოა, ნებისმიერი მეთოდით გადაყენებულ იქნეს. საქართველოს აზრი ამ საკითხზე არავის აინტერესებს, მას არავინ არაფერს ეკითხება. და მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებებს  აკეთებს სირიის შესახებ, სადაც ხაზს უსვამს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ასადის კოშმარულ რეჟიმს! ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავერიოთ, უმჯობესია, განზე გავდგეთ. რუსეთი საკმაოდ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და სირიის დათმობას არ აპირებს. მათ მოკავშირული ურთიერთობა აქვთ და თუ სირია დაეცემა, მერე ირანის რიგი მოვა. ეს კი გაცილებით უფრო სერიოზული საქმეა. ირანის დაკარგვა სამხრეთის ფლანგზე რუსეთის სრულ იზოლაციას ნიშნავს. ანუ დასავლეთის გავლენა რუსეთის სამხრეთ საზღვრებამდე გავრცელდება. მაშინ კავკასიაც სულ სხვაგვარი გახდება და ცენტრალური აზიაც. ეს რუსეთს კარგს არაფერს უქადის და ის, რაღა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს.

ასეთ შემთხვევაში, რატომ გაწირა რუსეთმა კადაფი?

– კადაფი რომ არ დაეთმო და მისი რეჟიმისათვის მხარი დაეჭირა, რუსეთზე დიდი ზეწოლა მოხდებოდა. ზეწოლა ახლაც არის სირიასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთს სერიოზული არგუმენტები აქვს თავისი პოზიციის დასაცავად... დღეს აშკარა გახდა, რომ დასავლეთის მიზანი ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არ ყოფილა, მას მხოლოდ კადაფის დამხობა და იქ საკუთარი გავლენის დამყარება სჭირდებოდა. უკვე უდავო ფაქტია, რომ აშშ-მ და კომპანიამ დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს  რეზოლუცია. სწორედ ამ არგუმენტს იყენებს რუსეთი დასავლეთთან კამათში.

ერთი სიტყვით, „არაბული გამოღვიძება“ პერსპექტივებსაც  შეიცავს და საფრთხესაც. პერსპექტივა თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობაა, საფრთხე კი – დასავლეთის გავლენის ქვეშ აღმოჩენა. გააჩნია, როგორი ბანქო მოვა...

ისე კი, როგორც ზუსტად შენიშნა ტაციტუსმა: ცუდი იმპერატორის დამხობის შემდეგ ყველაზე უკეთესი დღე პირველი დღეა...

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი

საქინფორმი