სამართალი
ბენდუქიძე: „ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის მომატება წმინდა წყლის პოპულიზმია!“

1-benduqiZe-samarTali-3თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. იმის შესახებ, თუ რამდენად რეალისტურია ქართული ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პროგრამა, „კომერსანტის“ სპეციალურ კორესპონდენტს კახა ბენდუქიძე ესაუბრა, რომელიც 2004-2009 წლებში ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის სამინისტროსა და პრეზიდენტის კანცელარიას ედგა სათავეში. ბენდუქიძის თქმით, „ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის მომატება წმინდა წყლის პოპულიზმია!“

„სახელმწიფო ბიუჯეტს ხომ ვერ გაწელავ. მომავალ წლამდე ისედაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია გვაქვს, რადგან მთავრობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას ზრდის, რეალურად იზრდება პენსიები. და თუ პენსიის კიდევ აი ამდენით მომატება გინდა, ამისათვის კიდევ 700 მილიონი ლარია საჭირო; ყველას თუ დააზღვევ, კიდევ 700 მილიონი, ხოლო თუ დამატებით მილიარდი სოფლის მეურნეობისთვის, 2,4 მილიარდი გამოდის – ისინი ხომ საიდანღაც უნდა აიღო. რის ხარჯზე შეიძლება ამისი გაკეთება? –მხოლოდ საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდის, ანუ სახელმწიფო ვალის ხარჯზე.

ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის მომატება წმინდა წყლის პოპულიზმია. ჩვენთან მიზნობრივი დახმარების მთელი სისტემაა. საგანგებო სამსახურის მიერ ხდება იმ ადამიანთა რანჟირება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უჭირთ და დახმარება სჭირდებათ. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობის დაზღვევას იღებს, მნიშვნელოვან ნაწილს კი ფულადი დახმარებაც ერგება. ასეთები არა მარტო პენსიონერები არიან. ადამიანი შესაძლოა, 40 წლის იყოს, მაგრამ შრომის უნარი დაკარგა, ღარიბულად ცხოვრობს, დახმარება სჭირდება. ეს დახმარება დიდი არ არის – 24 ლარი ოჯახის წევრზე – რა თქმა უნდა, ცოტაა. და თუ სიტუაციის რეალურად გაუმჯობესება გსურს, სწორედ იმაზე უნდა იზრუნო, რა გაუკეთო ადამიანებს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. იმიტომ, რომ პენსიონერები სხვადასხვანაირები არიან. დედაჩემიც იღებს სახელმწიფოსგან პენსიას, მას ეს დამატება არაფერს მისცემს, სხვა ადამიანისთვის კი პენსიის მომატება ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის ღარიბია. ამ საკითხით დაკავებულმა სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ მისამართიანი დახმარება გაცილებით უფრო ეფექტიანია. პენსიაზე რომ გავალ, რა, მეც უნდა დამეხმარონ? ეს უაზრობაა. მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ სახელმწიფო უნდა დაგეხმაროს არა იმიტომ, რომ ასე და ასე იწოდები, არამედ იმიტომ, რომ გიჭირს“, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ.

www.pirweli.com.ge