აქტუალური
აშშ თავდაცვითი საშუალებების შესყიდვაზე საქართველოს თხოვნას განიხილავს

1-Tavdacv-aqtualuri-2თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. ივნისის დასაწყისში ბათუმში გამართული სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც პრიორიტეტულ სფეროებზე მომუშავე ოთხ სამუშაო ჯგუფში შემდგარი მოლაპარაკებების შედეგებს აჯამებს.

ერთობლივი განცხადება დამატებით ინფორმაციას იძლევა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ სფეროებზე, რომელთა შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს ბათუმში ვიზიტის დროს ისაუბრა.

„ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლებითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე, გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი საშუალებები და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახული დანარჩენი სამი პრიორიტეტია დემოკრატია; ვაჭრობა და ეკონომიკა; ხალხთა შორის კონტაქტები და კულტურული გაცვლა.

ერთობლივი განცხადების თანახმად, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში თანაბარი სამოქმედო ველის, ღია დებატებისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმაციისა და შეხედულებათა ფართო სპექტრზე წვდომის მნიშვნელობა“. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა, რაც „ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს“. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფმა განიხილა სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე 29 მაისს გამართული მაღალი დონის დიალოგის შედეგები, „რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სხვადასხვა საშუალება ორმხრივი ვაჭრობის გასაღრმავებლად, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა“.

„ეს დიალოგი ურთიერთმომგებიანია აშშ-სა და საქართველოსათვის იმის გათვალისწინებით, რომ ვაგრძელებთ იმ შესაძლებლობათა იდენტიფიცირებას, რომლებიც ბიზნესებს ესაჭიროება საქართველოში ინვესტირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. ამ კონტექსტში შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა, რომ მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუსნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ.