სამართალი
რომოდანოვსკი: „ათასობით ქართველი რუსეთში უკანონოდ იმყოფება“

1-migracia-samarTali-3თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსი კონსტანტინე რომოდანოვსკი აცხადებს, რომ საქართველოს 9000-ზე მეტი მოქალაქე რუსეთში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება.

„ჩვენ ვიპოვით ამ ადამიანებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მათთან დაკავშირებით: ან საიმიგრაციო სამსახური, ან სასამართლო გააკეთებს ამას“, – განუცხადა რომოდანოვსკიმ ჟურნალისტებს, როგორც ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

ეს განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთიდან, დაახლოებით, ხუთი წლის წინათ ეთნიკური ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელზე მოსმენა გამართა. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევებს. დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო.

რომოდანოვსკის თქმით, ქართველების დეპორტაციის მიზეზი რუსეთში მათი უკანონო ყოფნა იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  13 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება „საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანიის“ დაწყებას მოწმობს.