თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის განსახილველი საკითხია, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ ირანი და საქართველო ერთ სამეზობლოს წარმოადგენენ.
„ეს, რა თქმა უნდა, ორ (აშშ-სა და საქართველოს, – საქინფორმი) მთავრობას შორის არსებული განხილვების თემაა სხვადასხვა დონეზე“, – განაცხადა ბასმა, როდესაც მას ქართულ-ირანული ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს.
„მე ვიტყოდი, რომ ეს ხდება იმ გაგების კონტექსტში, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, ირანი მეზობელია და საჭიროა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არსებობდეს, როგორც ეს ნებისმიერ სამეზობლოში ხდება, და იმ სახით, როგორც საქართველო სთავაზობს ირანელებს შესაძლებლობას, რომ გამოვიდნენ ირანიდან და ნახონ, რა ხდება სამეზობლოში და ნახონ, რა ხდება მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს კარგია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
„მაგრამ, ამასთან, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არიან ირანელები დახელოვნებული სანქციების არიდებისთვის საჭირო საშუალებების გამონახვაში და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვჯერა, რომ არსებული ეფექტური სანქციები არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, თუ რატომაც დაბრუნდა ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ გვსურს, ვიხილოთ ისეთი ვითარება, რომელშიც საქართველო თუნდაც უნებლიეთ, გახდება ადგილი, სადაც ირანული კომპანიები ან ირანელები, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, შეძლებენ ამ სანქციებისთვის თავის არიდებას“, – დასძინა მან.