სამართალი
სასამართლომ „მენეჯმენტ სერვისს“ ჯარიმა გაუნახევრა

1beselia-samarTali-1თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მენეჯმენტ სერვისს“, ნაცვლად 4 მლნ 700 ათასისა, 2 მლნ 300 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „მენეჯმეტ სერვისის“ 4 მლნ 700 ათასი ლარით დაჯარიმების თაობაზე შეტანილი საჩივრის განხილვის პროცესი სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. „მენეჯმენტ სერვისის“ უფლებებს ადვოკატი ეკა ბესელია იცავდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯარიმის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო, „მენეჯმენტ სერვისის“ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ამ თანხის დაკისრებაც „მენეჯმენტ სერვისისათვის“ უკანონო და სრულიად უსამართლო იყო, რადგან სასამართლომ ორ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი:

„კონტროლის პალატას არ ჰქონდა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად 470 ათასი ლარის იყო ის შესრულებული სამუშაო, რაც „მენეჯმენტ სერვისმა“ ჩაატარა. ასევე, კონტროლის პალატამ ვერ დაადასტურა, რაში გამოიხატა უკანონო შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილშიც იყო უკანონო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლე თეა გოგოტიშვილი არღვევდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურას“, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება საბოლოოა.

შეგახსენებთ: შპს „მენეჯმენტ სერვისი“ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 14 მაისს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დააჯარიმა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 476.620 ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც კომპანია თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა. კონტროლის პალატის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მაისს განიხილა და ძალაში დატოვა.