პოლიტიკა
ეუთოს თავმჯდომარე საქართველოშია

1gilmor-politika-1თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. ირლანდიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეიმონ გილმორი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეა,  სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.

საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე ეუთოს თავმჯდომარემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩატარებულ ინტერვიუში „Civil.ge“-თან განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხიც შევა. თბილისში ჩამოსვლამდე მან 11-12 ივნისს სომხეთში გამართა მოლაპარაკებები, საქართველოდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

შეკითხვა: ეუთომ საქართველოში მისია 2009 წლის ივნისში მას შემდეგ დახურა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ იყო მცდელობები (მათ შორის, საბერძნეთის თავმჯდომარეობის წინადადებებში), რომ აღდგენილიყო მისია საქართველოში, თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამჟამად თუ მიმდინარეობს რაიმე მცდელობები საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის თაობაზე, თუ ამგვარი მცდელობები აღარ ხორციელდება და საკითხი საერთოდ არც განიხილება? თუკი მიმდინარეობს რაიმე მცდელობები ამ მიმართულებით, შეგიძლიათ ეს საკითხი განავრცოთ?

პასუხი: ჩვენ ვსწავლობთ გზებს, რათა ეუთოს მისია ადგილზე გვყავდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან განვიხილავ; ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას რამდენიმე მონაწილე მხარესთან აქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ვარიანტსა და შესაძლებლობაზე. თუმცა ამ ეტაპზე არაფერი მაქვს სათქმელი.

შეკითხვა: ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა. არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს, თუ პრიორიტეტს მხოლოდ ამ მოლაპარაკებების წარმოება წარმოადგენს და თქვენ რაიმე კონკრეტული მიზანი არ გაგაჩნიათ?

პასუხი: ჟენევის დისკუსიების მე-20 რაუნდი წინა პარასკევს გაიმართა. ჩემი აზრით, ჟენევის დისკუსიები სანდო პროცესად რჩება და ყველა დაინტერესებული მხარის სრული ჩართულობა დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს. ერთადერთ გზას დიალოგი წარმოადგენს და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის, მიზანს იმის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომ ჩვენ განვაგრძოთ პროგრესი ამ ფორმატში.

გასული წლების განმავლობაში ჩვენ გარკვეულ წინსვლას მივაღწიეთ, განსაკუთრებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა ადგილზე არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ამ მექანიზმის საშუალებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცხელი ხაზი, რაც  ინფორმაციის სწრაფ გაცვლას უწყობს ხელს. თავად შეხვედრებიც მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადგილზე მომხდარი ინციდენტების განსახილველად, რასაც უკვე მოჰყვა შედეგად დაკავებულთა გაცვლის რამდენიმე შემთხვევა. ამასთან, ეუთომ რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკულ შედეგს მიაღწია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის მისი ხელშეწყობით მიმდინარე მაგალითად ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორიცაა წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

შეკითხვა: ოქტომბერში საქართველო საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უნდა იყოს წარმოდგენილი და რაც უფრო მალე ჩამოვლენ დამკვირვებლები, მით უკეთესი. „OSCE/ODIHR“-ის მისიის მასშტაბს საჭიროებათა შეფასების მისია განსაზღვრავს, მაგრამ შეგიძლიათ სავარაუდო ვადები დაასახელოთ, თუ როდის იქნება შესაძლებელი  „OSCE/ODIHR“-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსება საქართველოში?

პასუხი: მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დროულ მოწვევას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ეს საკმარის დროს მისცემს ექსპერტებს, რომ სიტუაცია შეაფასონ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საჭიროებათა შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ მისიაზეა დამოკიდებული, როგორ რეკომენდაციას მისცემს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფორმატსა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მე ვერ ვიტყვი ექსპერტების ნაცვლად.

შეკითხვა: თქვენ საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრებით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ბოლოდროინდელ შეტაკებებში, რასაც ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი განახლდეს?

პასუხი: მე კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ ადამიანურ დანაკარგს და ვიმეორებ, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემი ვიზიტის დროს მე მოვუწოდებ ყველა მხარეს და ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მუქარისგან ძალის გამოყენების თაობაზე, და, ასევე, თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან.

კონფლიქტი ვერ მოგვარდება ძალის გამოყენებით. მე სრულად ვუჭერ მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, რომ იმუშაონ ყველა მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის გაძლიერებაზე და მოლაპარაკებების გზით მოგვარებაზე.

ჩვენ ნდობის დამყარება გვჭირდება. ამისათვის კი რეალური ნება და მზადყოფნა გვჭირდება ყველა ჩართული მონაწილის მხრიდან.  ეუთო იმისთვის დაფუძნდა, რომ დაეხმაროს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული უთანხმოებების გადალახვას. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ დიალოგის ფორუმი და დავეხმაროთ მხარეებს, იმუშაონ გრძელვადიანი მშვიდობისთვის, თუმცა ჩვენ მოგვარებას ვერ მოვახვევთ მათ თავს.

საომარი მოქმედებების ნებისმიერი ესკალაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული, და ბოლოდროინდელი ინციდენტები შეშფოთებას იწვევს. თუმცა მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და გადამწყვეტი გზავნილი, რომ ძალის გამოყენებით კონფლიქტი ვერ მოგვარდება, ეხმარება დაძაბულობის შემცირებას.