აქტუალური
ევროსასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა იწყება

1evrosasamarTlo-samarT-2თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი კარგად შეკრულ საქმეზეა შეტანილი.

მან ეს განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სარჩელი ძალიან კარგად არგუმენტირებული და დასაბუთებულია. ის რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დისკრიმინაციულ, უხეშ დარღვევებს ძალიან ნათლად ასახავს.

„აქ საუბარია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით მიგრანტი ქართველების დევნაზე, რომელიც, ჩვენი გადმოსახედით, იმთავითვე მიზანმიმართულად განხორციელდა. მოხდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, როგორც მათი თავისუფლების, ისე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის, უხეში მოპყრობა და ღირსების შემლახველი ფაქტები“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები იყოს გათვალისწინებული.

შეგახსენებთ: რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველთა საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა სტრასბურგში მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ 2007 წელს შეიტანა.