პოლიტიკა
აპატურაი თბილისში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას ელოდება

1apaturai22თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გამგზავრების წინ თბილისის აეროპორტში განაცხადა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებებით კმაყოფილია და ახლა უკვე ამ შეთანხმებების განხორციელებაა აუცილებელი. მისი თქმით, ამ შეთანხმებების შესრულება აუცილებელია საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის.

აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ის ორ ძირითად საკითხზე შეთანხმდა – „პირველი ის, რომ მოახლოებული არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მეორე, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს  ნატოსთან პარტნიორული ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობა. ჩვენ მოუთმენლად  ველოდებით სამომავლო თანამშრომლობის ოპერაციას და როგორც ჩიკაგოს სამიტზე აღინიშნა, საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი თბილისში ნატოს კვირეულის ფარგლებში იყო ჩამოსული. მან საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს კვირეული ოფიციალურად გახსნა.

აპატურაი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს დავით უსუფაშვილს, მანანა კობახიძეს, ჯონდი ბაღათურიას, გიორგი თარგამაძეს.