1. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე შესრულებულ (რეფერატი, წინასამაგისტრო და სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტის სემინარი, კოლოკვიუმი, სადისერტაციო ნაშრომი), აგრეთვე, ჟურნალ „სამართალში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ყველა სახის სამეცნიერო ნაშრომში მითითებული რუსულენოვანი წყაროები არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის საერთო ოდენობის ერთ მეხუთედს.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე“.
ინტერნეტფორუმი აფეთქდა. ამ ბრძანების აბსურდულობა ყოველი მხრიდან განიხილებოდა. თავდაპირველად საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ იმაზე, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს პრობლემები არა მარტო რუსულ ენასთან, არამედ ძირითად სპეციალობასთანაც აქვს. დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ბრძანება არ შეიძლება ძალაში შევიდეს „ხელმოწერისთანავე“, რადგან ამის შესახებ შესაძლოა, ვერც ვერავინ გაიგოს. ის უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც, დეკანატში გამოკვრის მეშვეობით! პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონებიც კი მხოლოდ ოფიციალურ ორგანოში – „საკანონმდებლო მაცნეში“ – გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ შედის ძალაში! თუმცა, მოდი, ბრძანების შინაარსს მივუბრუნდეთ. ინტერნეტში ბრძანების გავრცელება სხვა ფაკულტეტებზეც დაიწყეს და დასვეს შეკითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ სამეცნიერო ნაშრომი ნიადაგმცოდნეობას, ქიმიას, ფიზიოლოგიას ეხება? დასკვნები კომიკური იყო. გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტმა თამარ დავითულიანმა კი ბრძანება საერთოდ მასხრად აიგდო:
„როგორც ცნობილია, ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა დიმიტრი მენდელეევის შექმნილია, რომელსაც არ გაუმართლა და რუსულენოვანი, თანაც, რუსი მეცნიერი იყო. სტუდენტებს, როგორც ჩანს, მენდელეევის სისტემის 103 ელემენტიდან მხოლოდ ოციოდეს გამოყენება შეეძლებათ. ახლა ვინმე ინტრიგანი იტყვის, პერიოდულ სისტემას მენდელეევის სიკვდილის შემდეგაც დაემატა ელემენტებიო, მაგრამ იმ კაცის გენიალურობა სწორედ იმით გამოიხატებოდა, რომ მან წინასწარ დატოვა ცარიელი უჯრები მომავალში აღმოსაჩენი ელემენტებისთვის. საინტერესოა, გავრცელდება „ერთი მეხუთედის“ ბრძანება ცარიელ უჯრებზეც? მართალია, პერიოდული სისტემის გავრცობაში საკუთარი წვლილი თეოდორ სიბორგმა და ნილს ბორმაც შეიტანეს, მაგრამ ამ არარუსულენოვანმა ავტორებმა ერთი მეხუთედიც ვერ შეჰმატეს მენდელეევის აღმოჩენას. ახლა წარმოიდგინეთ, რა გამოვა, შვედეთში ან ნორვეგიაში რომ ნილს ბორის ნაშრომებზე ერთი მეხუთედის წესი განავრცონ!
უკეთეს მდგომარეობაში არც ფიზიოლოგები აღმოჩნდებიან. ივანე პავლოვსაც არ გაუმართლა, რადგან რუსია და რიაზანში დაიბადა. ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შესახებ მეცნიერული თეორიის შემქმნელს შვედებმა რუსობა არ დაუწუნეს და ნობელის პრემიით დააჯილდოვეს“.
ხუმრობა იქით იყოს და, რუსული ენის განდევნა ყველა სფეროში აშკარაა. ჯერ რუსულ ენაზე ფილმები აკრძალეს (თუმცა ქართულად გახმოვანების ნაცვლად ყველა ეროვნული მაუწყებელი ფილმებს სუბტიტრებს ადებს), შემდეგ რუსულ სიმღერებს გამოუცხადეს ომი (აქ მიდგომა შერჩევითია – კეთილგანწყობილი არიან იმ შემსრულებლებისა და ავტორების მიმართ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს), ხოლო განათლების სისტემაში რუსული სექტორის შემცირების ტენდენციამ ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა: 2004 წლის მონაცემებით, საქართველოს რუსულენოვან სკოლებში 7 ათასამდე რუსი ეროვნების მოსწავლე იყო, დანარჩენი 25 ათასი კი ქართველები იყვნენ. 2000 წლამდე 214 რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი მხოლოდ ორი დარჩა.
პრობლემას ის აღრმავებს, რომ მოზარდმა თაობამ რუსული ენა უკვე აღარ იცის, ინგლისური კი ჯერ ვერ აითვისა. ამას ვერც პროექტის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ათობით ათასი ინგლისურენოვანი მონაწილე უშველის, რადგან ისინი არა კვალიფიციური პედაგოგები, არამედ უმუშევრები არიან, რომლებსაც ღატაკი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმების საშუალება მიეცათ მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისური მათი მშობლიური ენაა! ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება მორგის ყოფილი თანამშრომლისაგან ნასწავლი (ასეთი შემთხვევაც იყო) უცხო ენა!
თუმცა ჩვენ მიერ აღწერილი პროცესი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აბსურდისა, რომელსაც თანამედროვე საქართველოში აქვს ადგილი. ცოტა ხნის წინათ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის დედას – გიული ალასანიას ბრალი დასდო იმაში, რომ მას, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძესთან ერთად, უმაღლესი განათლების სისტემა მონოპოლიზებული აქვს.
„საქართველოში ორი მონოპოლიური კლანია შექმნილი. ერთ მათგანს თურქული კაპიტალის მეშვეობით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, ხოლო მეორეს – რუსული კაპიტალით – ბენდუქიძე“, – აცხადებს ბაღათურია. აშკარაა, რომ ბენდუქიძის კაპიტალის რუსული წარმომავლობა არანაირად არ აწინაურებს რუსულ ენას მის კონტროლს დაქვემდებარებულ უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება თურქულ ინტერესებს, ოპოზიციონერმა მეტად საინტერესო მასალა წარმოადგინა: იმ მრავალ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელთა სოლიდურ წილებს საქართველოს „პირველი დედა“ ფლობს, „შავი ზღვის უნივერსიტეტიც“ არის. პრეზიდენტისა და შეთავსებით მისი ვაჟის განკარგულებით, ამ უნივერსიტეტმა ხელიდან ხელში 10 ჰექტარი მიწა მიიღო. ბაღათურიას თქმით, ამ უნივერსიტეტის უკან თურქეთის მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ საიტზე თავის თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. გიულენი შავი ზღვის უნივერსიტეტს თავისი ბიზნესკომპანია „ჩაღლარის“ საშუალებით აფინანსებს, და ბაღათურია ამტკიცებს, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის მეშვეობით პრეზიდენტის ოჯახი პირდაპირ არის დაკავშირებული უცხოურ კაპიტალთან. დეპუტატი ამას ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პირდაპირ საშიშროებად მიიჩნევს.
პრეზიდენტის დედა – თურქოლოგი-წყაროთმცოდნე – „ვარდების რევოლუციამდე“ რიგითი პროფესორი გახლდათ, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ლობირებდა თურქულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნას. 16 საგანმანათლებლო დაწესებულება გიული ალასანიას მფლობელობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი შვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მათ შორის – დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივი“, ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთაველის სახელობის ხელოვნების დაწყებითი სკოლა რუსთავში, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, დემირელის სახელობის კოლეჯი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი, რუსთაველის სახელობის ლიცეუმი რუსთავში, მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი მარნეულში.
ინვესტიციების თემით იმდენად ხშირად სპეკულირებენ, რომ უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ გამოსვლა ლამის დანაშაულად მიიჩნევა, მაგრამ თურქული მხარის ასეთი ინტერესი განათლების სისტემის მიმართ დამაფიქრებელია, თუკი გავიხსენებთ, რომ აჭარაში თურქული კომპანიები სამუშაოზე მხოლოდ თურქული ენის მცოდნეებს იღებენ, ამასწინათ კი თურქმა ინვესტორმა კონკურსში გამარჯვებულ ქალს სამსახურზე უარი მხოლოდ იმ მიზეზით უთხრა, რომ მას რამდენიმე წელი საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ჰქონდა ნამუშევარი!
კიდევ უფრო აბსურდული სიტუაცია შეიქმნა თელავში მეფე ერეკლე მეორეს სასახლის კომპლექსის ირგვლივ. ერეკლეს მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თენგიზ ალდამიძემ ერთხელ უკვე გადაარჩინა გაყიდვას საქართველოს უკანასკნელი მეფის საფლავი, და სწორედ ამის შემდეგ დაკარგა სამსახური. ახლა კი მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის პროცესში არქიტექტურაში გეგმაზომიერად ნადგურდება რუსული კვალი, მის ადგილს კი სპარსული სტილის ნაგებობები იკავებს. მაგრამ მუზეუმის ყოფილი დირექტორის აზრით, ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ მათში ყაჯართა ეპოქის ეთნოგრაფიული და კულტურული ექსპონატები განთავსდება. ყაჯარების დინასტიის ფუძემდებელი კი საქართველოს ერთ-ერთი საძულველი დამპყრობელი აღა-მაჰმად-ხანი გახლდათ (1796-1828). სწორედ მას ებრძოდა მეფე ერეკლე.
თენგიზ ალდამიძე: „პროექტი, რომლითაც რეაბილიტაციის ჩატარებას აპირებენ, ერეკლეს სასახლის რესტავრირებულ პირველ სართულს ამახინჯებს. პროექტი ითვალისწინებს რუსული არქიტექტურის ტიპის სამსართულიანი კაპიტალური შენობის დანგრევას, რომელიც, სხვათაშორის, ქართველებმა ააშენეს, და რომელშიც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპოზიცია არის განთავსებული. აქ მე-19 საუკუნეში საშუალო განათლების კერა იყო – წმ. ნინოს სასწავლებელი, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივ განათლებაში. პროექტში სპარსული ტიპის კოშკი გაჩნდა. ეს, ალბათ, წმ. ნინოს სასწავლებლის კიბის უჯრედის ნარჩენია, რომელიც აგურით უნდა მოაპირკეთონ და სპარსული იერი მისცენ. აბსოლუტურად იცვლება არქიტექტურული ანსამბლის შინაარსი – ქრება რუსული არქიტექტურული კვალი. რუსული სტილის ორი შენობიდან ერთი – მემორიალური – დაინგრევა, ხოლო მეორე მთლიანად შეიცვლება“. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსოფლიო ბანკს რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია, სააკაშვილმა კი უკვე მოაწყო მისი პრეზენტაცია და სამუშაო დაწყებულია.
ერთი სიტყვით, საქართველო თითქოს იმ ეპოქაში ბრუნდება, როდესაც ქვეყანა გავლენის ორ – ოსმალურ და სპარსულ – სფეროდ იყო გაყოფილი. საქართველოს ისტორიიდან ყოველივე რუსულის ამოშლით სააკაშვილის რეჟიმი დასავლეთისკენ კი არ მიდის (ევროპა იქნება ეს თუ აშშ), არამედ ქვეყანას იმ წარსულში აბრუნებს, რომელსაც დასავლეთთან საერთო არაფერი ჰქონდა. რუსეთის, როგორც ოკუპანტის, რაც შეიძლება მტკივნეულად დანესტვრის სურვილით ის ფართოდ უღებს კარს თურქეთსა და ირანს. მათი გავლენა სულ უფრო საგრძნობი ხდება არა მარტო გარეუბნებში, არამედ დედაქალაქშიც. სააკაშვილის მიერ პომპეზურად წარდგენილი ყოფილი პლეხანოვის გამზირი (90-იან წლებში მას დავით აღმაშენებლის გამზირი დაერქვა) თურქული რესტორნებით, მაღაზიებითა და ბანკებით არის სავსე. თითქოსდა ისტორიული წარსულის ჯიბრზე დავით აღმაშენებლის სახელს, პრაქტიკულად, თურქულ კვარტალად გადაქცეული, წარსულში სავსებით ევროპული თბილისური გამზირი ატარებს. ხოლო წარწერები, რომლებიც საბჭოთა დროს ორ ენაზე – ქართულად და რუსულად, კეთდებოდა, ახლა თურქულითა და ინგლისურით შეცვალეს და სამოქალაქო აქტივისტებს ბრძოლა უწევთ იმისათვის, რომ ქართული დასახელებები უცხოურზე ნაკლები ზომის არ იყოს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს, ის იყო, ერთმა დეპუტატმა ელიტარული კორუფციის შესახებ თქვა რაღაც, რომ სააკაშვილმა მას იქვე შეაწყვეტინა და დიდხანს აცივდებოდა, კონკრეტული გვარები დაასახელეო. დეპუტატი გაჩუმდა. წელს პარლამენტის ტრიბუნიდან უკვე ორმა დეპუტატმა ილაპარაკა ღიად სააკაშვილის გარემოცვაში კორუფციის შესახებ, ასე საჯაროდ პირველად გაისმა ინფორმაცია პრეზიდენტის დედის – გიული ალასანიას, შესახებაც.
„გიულჩატაი სახეს აჩენს!“
P.S. 23 მარტს გამოქვეყნდა მარკეტინგული კომპანია „АСТ“-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში რუსული ენა ჯერ კიდევ წამყვანია უცხო ენებს შორის.
გამოკითხულ თბილისელთა 96,3 პროცენტმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ დონეზე იცის რუსული, მათგან 36 პროცენტი რუსულ ენას სრულყოფილად ფლობს, 29% – კარგად, 28% – საშუალოდ, 3% – დაწყებით დონეზე, ხოლო სრულიად არ იცის 4 პროცენტმა.
რაც შეეხება ინგლისურ ენას, გამოკითხულთა 34 პროცენტმა ის საერთოდ არ იცის, 7% სრულყოფილად ფლობს, 13% – კარგად, 28% – საშუალოდ, 17% – დაწყებით დონეზე.
ასაკობრივ ჭრილში მკაფიოდ ჩანს პრიორიტეტების შეცვლის ტენდენცია. 18-24 წლის ასაკის გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ ინგლისური ენა სრულყოფილად იცის, მაშინ, როდესაც 45 წელზე უფროს გამოკითხულთა შორის ამას მხოლოდ 3% პასუხობს.
გამოკითხვა თბილისში 2012 წლის თებერვალში ჩატარდა. გამოიკითხა 400 რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება 4,8%-ს არ აღემატება.
ცხრილი განთავსებულია საიტზე АСТ: http://act-gr.com/geo/index/news/776
georgiamonitor.org