სამართალი
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს

1fanjikiZe-samarTali-2თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ძალოვანი უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და რესპუბლიკელმა თინათინ ხიდაშელმა „ოცნების ბარათების“ ირგვლივ შექმნილი ვითარება ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასეს.

„გუშინ 09.00-საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი კუდ-ის, კონტროლის პალატისა და „რუსთავი 2“-ის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის თაობაზე. ამ პროვოკაციაში მონაწილე რამდენიმე პირი კოალიციის მიმართ მორიგი რეპრესიული ღონისძიებისთვის საბაბის შესაქმნელად შესაშური გულმოდგინებით იმეორებდა დაზეპირებულ ფრაზებს იმის შესახებ, რომ თითქოს კოალიცია „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება. ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და საერთო არაფერი აქვს კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობასა და გეგმებთან. ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით მათი ოცნებების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების, სიღარიბის დაძლევის, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებით და ეკონომიკის აღმავლობით“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ კოალიცია ცალსახად ემიჯნება ყველას, ვინც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და „ქართული ოცნების“ ასრულების მათეულ კონცეფციას ამახინჯებს.

„ასევე ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს, სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა. მივმართავთ მოქალაქეებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს და ენდონ მხოლოდ ჩვენ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, ვურჩევთ ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს, რომ დაანებონ თავი პოლიტიკურ პროვოკაციებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოტყუების, გადაბირების ან შეშინების გზით“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის სახელით.