აქტუალური
„ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებთ, რომ სააკაშვილმა შეიძლება პუტინს მიბაძოს“

1saak-aqtualuri-3თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ორდღიან ვიზიტს საინფორმაციო სააგენტო „Reuters“ ეხმაურება.

სააგენტოს კორესპონდენტი არშად მოჰამედი წერს, რომ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იღებს ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის რუსულ ოკუპაციას.

ავტორის თქმით, შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში სტუმრობისას კლინტონმა ცხადად თქვა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს დემოკრატიის განმტკიცებას სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, რომელიც სრულდება მომავალ წელს.

„მიუხედავად იმისა, რომ მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას, აშშ-ის ოფიაციალურ პირებს აშინებთ დომინირება სააკაშვილისა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული 2003 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ეს დომინირება აძნელებს სხვა ლიდერებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასპარეზზე გამოსვლას“, – წერს ავტორი.

„მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციით“ თქვენ შეცვალეთ ისტორია, მაგრამ უფრო რთული და, საბოლოო ჯამში, უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო წინ გელით – იმ ჩვევისა და პრაქტიკის გამომუშავება, რომელიც შეინარჩუნებს დემოკრატიას დროთა განმავლობაში“, – განაცხადა კლინტონმა გამოსვლაში, სადაც ილაპარაკა შრომით უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლებაზე. „მე მოვუწოდებ კონკურენტული კამპანიის ქართველ ლიდერებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

სტატიის მიხედვით, ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებთ ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა ჩინოვნიკმა უარი განაცხადა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ უთხრა ხაზგასმით ქართველ პოლიტიკოსებს – „შემდეგი გადაცემა უნდა ჭეშმარიტი იყოს.“

„ოპონენტები სააკაშვილს ბრალს სდებენ თავისუფლებათა ალაგმვაში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში შესვლის გამო, როდესაც ქართული ჯარი ხუთ დღეში დაამარცხეს. მოსკოვმა მალე აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ინარჩუნებს კონტინგენტს სეპარატისტულ რეგიონებში. რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებამ ჩრდილი მიაყენა სააკაშვილის ოცნებას საქართველოს ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრების შესახებ, რადგან მათ შეიძლება არ მოინდომონ მოსკოვთან დავაში მყოფი წევრის მიღება. თავის სამდღიანი მოგზაურობისას სამხრეთ კავკასიაში კლინტონი შეხვდა ოპოზიციის ხუთ წევრს იმის საილუსტრაციოდ, რომ აშშ-ს სურს კონკურენტული არჩევნები. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა წარმოდგენილი იყო მისი „ქართული ოცნების“ ბლოკი, რომელმაც პირობა დადო, რომ დაამარცხებს სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი ბათუმში, აყვავებულ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები შენდება და უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი აპირებს ინვესტირებას, ნაწილობრივ მიზნად იმას ისახავდა, რომ ხაზი გაესვა კონტრასტისთვის იზოლირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შედარებით.

პუბლიკაციის ქართულ თარგმანს „ფორეინპრესი“ აქვეყნებს.