სამართალი
გიორგობიანის ადვოკატებს სასამართლოში საჩივარი შეაქვთ

1giorgobiani-samarTali-1თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ემიგრაციაში მცხოვრები ბიძინა გიორგობიანის კონტროლის პალატის მიერ 900 ათასი ევროთი დაჯარიმებასთან დაკავშირებით, გიორგობიანის ადვოკატებს საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეაქვთ.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დააჯარიმა.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოლეგიაში გავასაჩივრებთ. საჩივრის შეტანის ვადა 7 ივნისამდე გვაქვს, თუმცა, სავარაუდოდ, სარჩელს დღეს შევიტანთ“, – აღნიშნა შავგულიძემ.

მისი თქმით, მათ ხელს არ შეუშლის ის ფაქტი, რომ ბიძინა გიორგობიანი საქართველოში არ იმყოფება, რადგან მას და ადვოკატ ბიძინა ბარათაშვილს აქვთ რწმუნება, რომლითაც ადვოკატებს მისი სახელით მოქმედება შეუძლიათ.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა გიორგობიანი ფონდი „ქომაგის“ ანგარიშზე 90 ათასი ევროს შემოწირულობის განხორციელების გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა და „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაადო.