საზოგადოება
ახალაიას შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან

1axalaia-sazogadoeba-3თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია  აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში 5 ივნისს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ და თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობენ ჯოზეფ მაკმილანი, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე და ბეტ მაკორმიკი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვის სფეროში ვაჭრობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკელი დიპლომატები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„საუბრის ძირითადი თემა იყო ორი მნიშვნელოვანი საკითხი – სხდომის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებები და, ამავე დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაც ეხება თავისთავად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, გაძლიერებას და ამ მიმართულებით გეგმების დალაგებას ჩვენს მეგობრებთან ერთად“,  – განაცხადა ბაჩო ახალაიამ შეხვედრის შემდეგ.