საზოგადოება
Freedom House კლინტონს კავკასიის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა საკითხის წამოწევისკენ მოუწოდებს

1freedom-sazogad-3თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. Freedom House მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, 4-6 ივნისს სომხეთში საქართველოსა და აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის დროს კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებული ნაკლოვანებები მთავარ თემად აქციოს პირად შეხვედრებსა და საჯარო განცხადებებში.

„დემოკრატიულად ანგარიშვალდებული სისტემების წახალისება და მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, –  განაცხადა „Freedom House“-ის პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა. – მართალია, ჩვენ გვესმის, რომ არსებობს რიგი პოლიტიკური ინტერესებისა, რაც განსახილველია ვიზიტის დროს, მაგრამ Freedom House მოუწოდებს, განსაკუთრებულად გამახვილდეს ყურადღება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ წუხილებზე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით კი, აზერბაიჯანსა და სომხეთში“.

აზერბაიჯანის შემთხვევაში, Freedom House მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პოლიტიკური აქტივისტების დევნისა და მათი დაპატიმრების, ასევე, ანტისახელისუფლებო აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენებისა და პრესის თავისუფლების საკითხები დააყენოს. სომხეთთან დაკავშირებით, „Freedom House“-მა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეფორმები შეფერხდა პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ღრმა ურთიერთობის გამო, რაც ზღუდავს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

საქართველოსთან დაკავშირებით, „Freedom House“-მა განაცხადა: „საქართველო უზრუნველყოფს ზოგიერთ, თუმცა არა ყველა ინსტიტუციურ გარანტიას და უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების იმედსაც იძლევა, თუ სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული. საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოცდა იქნება უფრო ეფექტიანი და მომწიფებული პოლიტიკური პლატფორმების განსავითარებლად“.

საქართველოს მაჩვენებლები „Freedom House“-ის ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2012 წელს“ უცვლელი დარჩა და ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიას მიეკუთვნება. მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ „Freedom House“-ის ბოლო კვლევაში საქართველოს რეიტინგი ზედიზედ მესამე წელია, გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში რჩება.

საქართველოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, ასევე, მოუწოდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დააყენოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ბათუმში გამართავს. იგი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება.