კოალიციის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: „თვითმხილველების ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და სთხოვდა შეხვედრას, თან არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. ბოლოს ამბაკო ავალიანი დათანხმდა და მანქანა შეაჩერა ზემოხსენებულ ეკლესიასთან, სადაც სინჯიკაშვილი უნდა მისულიყო. სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილას ორი ჯიპითა და სამი მსუბუქი მანქანით ოც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
სასწრაფო რეაგირების მიზნით, „ქართული ოცნება“ 22.40 საათზე დაუკავშირდა უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას“.
როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან დამატებით აცნობეს, ამბაკო ავალიანი რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა შემთხვევის ადგილას, მასთან იმყოფება ადვოკატი.