პუბლიკაციები
დეკანოზი თეიმურაზი: საქართველოს პოლიტიკოსები „ოსტატი და მარგარიტას“ გმირებს გვაგონებს...

1analit-niu-religსაქინფორმის კორესპონდენტი შორენა სიხარულიძე ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზს (თათარიშვილს) ესაუბრება:

– მამა თეიმურაზ, დღეს თქვენთან წმიდა წერილსა და ბიბლიაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ... თქვენს მრევლს, რომლის დიდ ნაწილსაც ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს, მხატვრული, განსაკუთრებით კი, რუსული ლიტერატურის კითხვისაკენ მოუწოდებთ. ერთგვარი „დოსტოევსკომანიაც“ კი შემოიღეთ, რის გამოც ე.წ. ლიბერალებმა კრიტიკის ქარცეცხლშიც კი გაგატარეს, თქვენ კი მაინც ხმამაღლა განაცხადეთ – „რუსული მწერლობა მხატვრულ სიტყვაში გაცხადებული მართლმადიდებლობააო“...

– გაკურთხოთ უფალმა! სამწუხაროდ, მინდა, აღვნიშნო,რომ XXI საუკუნე წიგნისადმი საყოველთაო გულგრილობის ხანაა. წიგნს ელექტრონული წიგნით დაემუქრა დიდი მტერი, თუმცა ჭეშმარიტი მკითხველისთვის ბეჭდური წიგნი შეუცვლელია. ვცდილობ, ჩემს მრევლს, სტუდენტებს, წიგნის სიყვარული ჩავუნერგო და გამოვზარდო გემოვნებიანი მკითხველი, რომელიც ერთმანეთისგან კარგად გაარჩევს მდარე ლიტერატურას ისეთი შედევრისგან, რომელიც ადამიანის სულის საიდუმლო ენიგმატური მატიანეა. ჩემი აზრით, მხატვრული ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ადამიანებში რწმენის გასაღვივებლად. პროტესტანტულ დასავლეთშიც არიან კორიფეები, რომლებმაც მაღალფილოსოფიურ ჭრილში წარმოაჩინეს მართლმადიდებელი მრევლისთვისაც საყურადღებო საკითხები – გმირის განცდა სიკვდილის წინ, რწმენისა და ურწმუნობის ჭიდილი, მარტოსულობის პრობლემა და ამ მარტოსულობაში რაღაც აბსოლუტის ძიება. ამ და მსგავსი პრობლემებით ადამიანები ჩვენთან – მოძღვრებთან მოდიან. როგორც მართლმადიდებელი მოძღვარი, ბუნებრივია, ვცდილობ, მსგავსი სიუჟეტები მართლმადიდებელ ავტორებთან ვიპოვო. ამ მხრივ, ჩემი აზრით, გამორჩეულია რუსული მწერლობა, რომელიც თავისი ნამდვილი არსით XIX საუკუნესთან ერთად იბადება (ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა). ამ პერიოდის რუსულ ლიტერატურაში მკაფიოდ წარმოჩინდა მართლმადიდებლური პრობლემატიკა. ამ კუთხით თვით ამ ნაწარმოებების ავტორთა ბიოგრაფიებიც საინტერესოა. თქვენ დოსტოევსკი ახსენეთ. პროტესტანტულ დასავლეთში ბევრი დიდი მოაზროვნე (მანი, ცვაიგი, ნიცშე, ფოლკნერი და სხვ.) ასხამდა მას ხოტბას. თუმცა აქვე მინდა, ვთქვა, რომ მის ნაწარმოებთა სულს ალბათ უკეთ ჩასწვდება უბრალო მართლმადიდებელი მრევლი, რომელსაც ეკლესიური ცხოვრების ცოცხალი განცდა აქვს. ამის ნათელი მაგალითია ბერის ზოსიმესა და ალიოშა კარამაზოვის საუბარი, ეშმაკის საუბარი ივანე კარამაზოვთან, ბერი ზოსიმეს ჩანაწერები („ძმები კარამაზოვები“), რასკოლნიკოვის მიერ დანაშაულის აღიარების სცენა („დანაშაული და სასჯელი“),სტავროგინისა და კირილოვის საუბარი რწმენასა და ურწმუნობაზე („ეშმაკნი“). ამ ყველაფერს ხომ ჩვენ უფრო ცოცხლად განვიცდით, თითქოს  შევდივართ სამყაროში, სადაც ჩვენი სულიერი შვილები გვესაუბრებიან. რუსულ ლიტერატურაში ვხედავ ჭიდილს დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებსა და აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ღირებულებებს შორის, რაც არა მხოლოდ მწერალთა ნაშრომებში, არამედ მათ პირად ცხოვრებაზეც აისახებოდა. გავიხსენებ დოსტოევსკისა და ტურგენევის – ბოლომდე გაურკვეველი მწერლის, დასავლური ღირებულებების მეხოტბის, იდეურ დაპირისპირებას. დოსტოევსკი ვერ ეგუებოდა მის ლიბერალიზმს და მისი პროტოტიპი შექმნა კიდეც მწერალ კარმაზინოვის სახით („ეშმაკნი“). ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, ეს ჭიდილიც საინტერესოა,ისევე, როგორც თავის დროზე გოგოლისა და ბელინსკის დაპირისპირება. ასევე მახსენდება ბელინსკის ცნობილი პროტესტი დოსტოევსკის წინააღმდეგ მოთხრობა „ორეულის“ გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მკაფიოდ გამოიხატა დოსტოევსკის ლიტერატურული გეზი – ადამიანის შინაგანი სულიერი სამყარო, სულის ბნელი კუნჭულები, ცოდვების სააშკარაოზე გამოტანა. როდესაც მისი გმირების აღსარებებს ვისმენთ, თითოეულ ჩვენგანს ისეთი გრძნობა აქვს,  თითქოს მღვდელია და მისი ოლარის ქვეშ აშიშვლებს ადამიანი თავის სულს, ამბობს იმას, რასაც სხვასთან ვერასოდეს იტყოდა! დოსტოევსკის გმირების საუბარი ხშირ შემთხვევაში სწორედ გაშიშვლებული, ფურცლებზე გადატანილი აღსარებებია, რომლებსაც ფართო მასები კითხულობს! კიდევ გავიხსენებ დოსტოევსკის შეუდარებელ ფრაზას: „მათემატიკური სიზუსტით რომ დამიმტკიცონ, ჭეშმარიტება ქრისტეს მიღმა არსებობსო, მაინც ქრისტეს ვარჩევდი და არა ჭეშმარიტებას“, –აი, რატომაა თხემით ტერფამდე მართლმადიდებელი დოსტოევსკი!..

საინტერესოა რუსული ლიტერატურის მეორე დიდი კორიფე ლევ ტოლსტოი. ბევრ ახალგაზრდას დღესაც აინტერესებს, ათეისტი ასე ბევრს რომ საუბრობს რწმენაზე, ღმერთზე, სულზე, მაინც რატომ იმსახურებს ეკლესიის ანათემას... ტოლსტოის სინანულზეც ბევრი რამ აინტერესებთ.

ჩემი აზრით, ცალკე კვლევის საგანია თვითონ ტოლსტოის ცხოვრებაც. ტოლსტოის მხატვრული შემოქმედება არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ იბადება ადამიანში ეჭვი, სკეპტიკური განწყობა, საბოლოო ჯამში კი ამ ეჭვის შედეგად – ურწმუნობა და ამ ურწმუნობის შედეგად – ერთგვარი მოუსვენარი მდგომარეობა. ტოლსტოის რომანებში ჩვენ ვხედავთ გმირებს, რომელნიც ორი სამყაროს მიჯნაზე დგანან – ერთი სამყაროა მართლმადიდებლობა, ბერმონაზვნური ცხოვრება, ქრისტეს იდეალის დანახვა და, მეორე მხრივ, – ადამიანი თავისი განძარცვული ბუნებით, ზიარებისა და აღსარების, სულიერი მოძღვრის გარეშე; ადამიანი – გზის მაძიებელი. ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც თვითონ ტოლსტოი იმყოფებოდა – იგი დროდადრო მიდის ოპტინის უდაბნოსაკენ, მაგრამ ვერ მკვიდრდება. ამის ნიმუშია ფართო მასებისათვის ნაკლებად ცნობილი მისი გენიალური თხზულება „აღსარება“. ჩემი აზრით, „ანა კარენინაში“ ქვეთავი, სადაც კონსტანტინე ლევინი, კაცი, რომელსაც აღსარება წლების განმავლობაში არ უთქვამს, ესაუბრება ანას ძმას (ობლონსკის) ჯვრისწერასთან დაკავშირებული საბუთის შესახებ. მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის შედევრია – თუ როგორ მიდის ურწმუნო ადამიანი აღსარებაზე. არა იმიტომ, რომ შეინანოს, არამედ ეს სჭირდება ქორწინების მოწმობის ასაღებად! ჩვენ ვისმენთ ცოცხალ აღიარებას – მას ყველაფერში ეჭვი ეპარება! უდიდესი ცოდვა, რაც მას სტანჯავს, ურწმუნობაა, მაგრამ ის ხედავს, რომ ურწმუნობა მტანჯველია და მისგან თავის დაღწევა სურს.

ნიკოლოზ გოგოლსაც ვერ ავუვლით გვერდს, რომელიც, ჩემი აზრით, წმინდა წყლის მართლმადიდებელია, რადგან მთელი მისი ცხოვრება ამას ადასტურებს (ცხოვრების ბოლოს მისი დაახლოება სასულიერო პირებთან, „მკვდარი სულების“ მეორე ტომის განადგურება ჩვენს სინამდვილეში ღრმა აგონიის, სულიერი გარდატეხის, სულიერი ფერისცვალების მაგალითია). გოგოლს „პორტრეტის“ გარდა სულ რომ არაფერი დაეწერა, ის მაინც უდიდესი მართლმადიდებელი მწერალი იქნებოდა. „პორტრეტი“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა – ცოცხალი ასახვა ქრისტიანული, სულიერი ღირებულებების, სიკეთის, ბოროტების, ქრისტიანული ესთეტიზმის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება დაიწეროს იესოს ხატი! ისევ გავიმეორებ: რუსული ლიტერატურა მხატვრულ სიტყვაში გაცხადებული მართლმადიდებლობაა. ცოდვა და შური ღუპავს ადამიანს და ადამიანი ეძებს ხსნას ქრისტეში და ბოროტი ხდება მშვიდი ამ მადლით! აი, ქარგა,რაც თან სდევს რუსულ კლასიკას! პროტესტანტული დასავლეთი ვერ ქმნიდა ამგვარ სიუჟეტებს!

ეს ტენდენცია XX საუკუნეშიც გრძელდება. რუსული ლიტერატურის ისტორიაში ე.წ. ვერცხლის პერიოდი ამის საუკეთესო ნიმუშია – როგორ უახლოვდება რუსეთს რევოლუციის ქარტეხილი, როგორ გვემუქრება მატერიალიზმისა და ათეიზმის საშინელი უფსკრული და ის მწერლებიც კი, რომელნიც შეიძლება სულით ხორცამდე არ იყვნენ მართლმადიდებელნი, ამ კრიზისზე წერენ. ამის უბადლო ნიმუშია უსამართლოდ მივიწყებული ლეონიდ ანდრეევი, დოსტოევსკის სულიერი მემკვიდრე თავისი უნიკალური მოთხრობებით, რომელთაც, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს და ელის მთარგმნელს.

– მამაო, დასავლურ ლიბერალურ და აღმოსავლურ მართლმადიდებლურ აზროვნებას შორის ჭიდილი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა – ზოგიერთი ლიბერალი იმდენად შორს წავიდა, რომ თავის თავს „პროგრესულად მოაზროვნედ“ მიიჩნევს – ჩვენ, მართლმადიდებლებს, ბნელებს გვიწოდებს,ხოლო თქვენ – მართლმადიდებელ სასულიერო პირებს – „ბნელეთის მოციქულებს“. თქვენ, როგორც მოძღვარი,რას გვეტყოდით – რატომ გაჩნდა ასეთი დიდი იდეური უფსკრული ჩვენ შორის?

ისევ მაგონდება დოსტოევსკის „ეშმაკნი“, რომელიც ამ ახლის მაძიებელი ლიბერალების დასახასიათებლად ფართო პანორამას გვაძლევს. გავიხსენოთ სტეფან ვერხოვენსკი ამ ნაწარმოებიდან, ადამიანი, რომელმაც აღზარდა ნიკოლაი სტავროგინი – კაცი, რომელიც გარყვნილების, ავხორცობის, მრისხანებისა და ბოლოს თვითმკვლელობის მსხვერპლი ხდება. ასეთია ლიბერალის მიერ გაზრდილი ადამიანი. მე ლიბერალიზმის არასწორად გაგებას ვგულისხმობ. ლიბერალიზმშიც შეიძლება ვიპოვოთ ჩვენთვის სასარგებლო მარცვლები, მაგრამ ლიბერალიზმი დღეს ბევრს აღვირახსნილობაში ერევა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ დღეს ბევრი ისეთი რამ კეთდება მართლმადიდებლობის სახელით, რასაც სინამდვილეში არაფერი აქვს მასთან საერთო.

მართლმადიდებელი ეკლესია თავის წიაღში მოიცავს ბევრ განათლებულ და ზეინტელექტუალ სასულიერო პირს, რომელთაც შეუძლიათ, ეკლესიის მამებზე დაყრდნობით ქრისტიანობა დაანახვონ თანამედროვე მსოფლიოს არა როგორც ადრეული შუასაუკუნეების ბიზანტიაში ჩამარხული სიწმინდე, არამედ როგორც სიცოცხლე, როგორც ცოცხალი ფენომენი – ქრისტესთან ცოცხალი კავშირი.

დღეს აღარავინ კითხულობს ბელინსკის, დობროლიუბოვს, გერცენს, ოგარიოვს, ჩერნიშევსკის... მათ მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ღირებულება აქვთ, ხოლო ისინი, ვინც თავად რუსეთმა თავისი წიაღიდან განდევნა და მიივიწყა (დოსტოევსკი, ანდრეევი, ბერდიაევი, ჟესტოვი, ილინი, ლოსკი) მილიონობით ტირაჟით გამოდის კვლავაც!

ასე მთავრდება დროებითი ფსევდოჭეშმარიტების ჭიდილი მარადიულ ჭეშმარიტებასთან!

– მამაო, ერთმა თანამედროვე ბრიტანელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და ექსპერტმა კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალმა საქართველოს პოლიტელიტის წარომადგენლები რუსი კლასიკოსების პერსონაჟებს შეადარა.მე კი თქვენ, როგორც რუსული ლიტერატურის საუკეთესოდ მცოდნეს და მართლმადიდებელ მოძღვარს, გეკითხებით – დღევანდელ ხელისუფალთა, უბრალო ადამიანთა და სასულიერო პირთა სახეები რომელ პერსონაჟებს გაგონებთ?

– ალბათ, არა მხოლოდ ერთი ნაწარმოების გმირებს! თუმცა ის პერსონები, რომელნიც დღეს საქართველოს პოლიტიკური სივრცის ავანსცენაზე არიან, მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ გმირებს მაგონებენ!.. უბრალო ხალხი კი – უბრალო ხალხს, ის „бедные люди“, ვინც მუდამ სიცრუესა და ამაო დაპირებებში ცხოვრობდა...

რაც შეეხება სამღვდელოებას, აშკარად ვხედავ ბერი ზოსიმესა და მისი წრის აბსოლუტურ გამოვლენას ზოგიერთ მღვდელმთავარში, რომელთაც ყველა ეპოქაში შეუძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება ისე, როგორც ბერი ზოსიმე ავლენდა იობისეულ მოთმინებას თეოდორ კარამაზოვის წინაშე, როცა უყურებდა მის ტაკიმასხარობას და არ ღელავდა ამის გამო... ამაოდ არ მიხსენებია იობისეული მოთმინება!.. არ დაგავიწყდეთ ბერი ზოსიმეს მოგონებებში ქვეთავი, სადაც იგი იგონებს თავის ბავშვობას – როგორ უსმენდა ერთხელ ტაძარში მედავითნის მიერ წაკითხულ მართალი იობის ისტორიას...

– მამაო, დღეს, როდესაც ყოველგვარი რუსულის თუნდაც გადაკვრით კარგად მოხსენიებისთვის ერის რჩეულებს არ ინდობენ – მოღალატის, გამყიდველის იარლიყს აკრავენ; თქვენ კი არ ერიდებით რუსული ლიტერატურის მიმართ თქვენი სიყვარულის ასე აშკარად გამოხატვას. თქვენს წრეშიც მრავლადაა რუსოფობიით შეპყრობილი სასულიერო პირი. არასოდეს გიფიქრიათ, რომ არც თქვენ დაგინდობენ?

არანაირად, რადგან საერთოდაც არ მივიჩნევ, რომ ჩემი განწყობით რაიმე პრორუსულს გამოვხატავ. ჩემი აზრით, მართლმადიდებლობა ზენაციონალურია და ჩვენთვის მისაღები და კეთილი მარცვლები ყველგან უნდა დავინახოთ! დედამიწაზე ბუნების შეცდომაა ნებისმიერი ძალა, რომელიც ბოროტების, შოვინიზმის, მკვახე ნაციონალიზმის, დაუნდობლობის და მსგავსი ფენომენების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ყოველგვარი იმპერიალისტური მიუღებელია, ისევე, როგორც ეს მიუღებელი იყო დოსტოევსკისთვის, ტოლსტოისა და ყველა დიდი მოაზროვნისთვის. ყოველთვის მივესალმები და ვადიდებ ნებისმიერი ერის წარმომადგენელს, რომელიც თავის უმაღლეს იდეალად გამოცხადებს ჰუმანიზმს, ქრისტეს გზას, რაც ისტორიულად ყოველთვის იყო დიდი ადამიანების, დიადი სულიერი ქარტეხილების დასაბამი.

მე წინააღმდეგი ვარ,რომ რუსი თუ სხვა ერის მიმართ დამოკიდებულება გადაიზარდოს ამ ერის კულტურის  მიმართ ისტერიკულ სიძულვილში. ეს ქრისტიანული პრინციპების წინააღმდეგ წასვლაა. ჩვენს სინამდვილეში იყო ტენდენცია, როცა საქართველოს ეკლესიის კალენდრის ზოგიერთ გამოცემაში რუსი წმინდანები არ შეჰყავდათ, ან შეეძლოთ, რუსი წმინდანები არ მოეხსენიებინათ. ეს ჩემთვის მიუღებელია! დანაშაულია! სერაფიმე საროველი, სერგი რადონეჟელი და სხვა უდიდესი რუსი წმინდანები ძალიან ახლობელნი არიან ჩვენი სულისთვის! ქართულ სინამდვილეში არ არსებობს ტაძარი სერაფიმე საროველის ხატის გარეშე. ვიცით, რომ რუსები უდიდეს პატივს მიაგებენ ჩვენთვის მოციქულთა სწორს – წმიდა ნინოს.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებისთვის სავიჟო რეჟიმი მოიხსნა, სამების საკათედრო ტაძარში ვერ ვითვლი რუს პილიგრიმებს,რომელნიც ქართული სიწმინდეების მოსალოცად ჩამოდიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორი ერის ურთიერთობისთვის, რადგან ბევრი რუსი ისე აღიზარდა, რომ საქართველოში არცაა ნამყოფი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,რომ ჩვენი გზები სულიერად უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში უნდა გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიყვარულმა, სამართლიანობამ! მერწმუნეთ, ყოველგვარ სიძულვილსა და დაპირისპირებაზე მაღლა დადგება ქრისტე თავისი უწმინდესი მცნებებით!

– მამაო, თქვენს ინტერვიუს საქინფორმის ინტერნეტსაიტის რუსულ ვერსიაზე რუსულენოვანი მკითხველიც წაიკითხავს. რას ეტყოდით მათ?

უბრალოდ, მინდა, ყველა მათგანს შევახსენო,რომ მაცხოვარი დედამიწაზე ყველა ადამიანის და არა კონკრეტულად რომელიმე ერის გადასარჩენად მობრძანდა! ამიტომ ჩვენ, ქართველებს თუ რუსებს, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წევრებს, ქრისტეს ნათელით განათლებულთ, აღარ დაგვენახოს ერთმანეთს შორის მტრობა და მძაფრი უფსკრული! „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ!“

ყველა ადამიანს ნამდვილ ქრისტიანულ აზროვნებასა და ცხონებას ვუსურვებ!

– დაგვლოცეთ, მამაო...

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენც და თქვენი მკითხველებიც! საქინფორმს ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს! დაე, უფალმა აკურთხოს დედამიწაზე ყოველი კეთილი საქმე! ამინ!

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი