თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო 13 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს, რაც ხუთი წლის წინ რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციას უკავშირდება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ 2007 წლის მარტში დეპორტაციის თაობაზე წარდგენილი სარჩელი 2009 წლის ივნისში დასაშვებად ცნო.
საქმეს 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა განიხილავს, რომელშიც, ასევე, შედიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები.
საქმე დიდ პალატას იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ მხარეებს სურთ, რომ ქვედა პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ან თუ ქვედა პალატა, რომელიც ამ საქმეს განიხილავდა, თავად იტყვის უარს საქმის განხილვაზე ზემდგომი ინსტანციის სასარგებლოდ. სწორედ ასე მოხდა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისო განაცხადის შემთხვევაში. ქვედა პალატის მხრიდან უმაღლესი პალატისადმი საქმის გადაცემა მაშინ ხდება, თუ კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოიშობა ან თუ არსებობს პრეცედენტული სამართლიდან გადახვევის რისკი.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს საქმეც დაშვებულად ცნო და შემდგომი განხილვისთვის დიდ პალატას გადასცა.