თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებით, ბიძინა გიორგობიანი ფონდი „ქომაგის“ ანგარიშზე თანხის უკანონო გადარიცხვის გამო 900 000 ევროთი დაჯარიმდა.
აღნიშნულის გამო საქართველოს კონტროლის პალატამ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაადო.
პალატის ინფორმაციით, 2012 წლის 22 მაისს ბიძინა გიორგობიანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. მას გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 28 მაისს იყო დანიშნული. სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა.
ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია და მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.