საზოგადოება
არ მიგვატოვო, დიმა!

1dima-sazog-3თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. ეროვნული და საატესტატო გამოცდების წარუმატებლობის შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თანამდებობიდან გადადგება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა კახა ჯამბურიამ განუცხადა.

მისი თქმით, ცენტრის თანამშრომლებს ამის შესახებ თავად მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განუცხადა.

კახა ჯამბურიამ აღნიშნა, რომ მინისტრსა და მაია მიმინოშვილის უწყებას შორის შეუთანხმებლობა იყო მხოლოდ ეროვნული გამოცდების მოხსნისა და მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის დატოვების საკითხი, თუმცა აღნიშნულის განხორციელებას სამინისტრო 2014 წელს გეგმავდა.

„ ჩვენ გვინდოდა, რომ საატესტატო გამოცდები ჩაგვეტარებინა მე-10 კლასის ბოლოს და არა მე-12 კლასის ბოლოს, როცა ბავშვებს კიდევ მისაღები გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. ამ დროს გაირკვეოდა, რომელი ბავშვი იყო და არ იყო მზად, გაეგრძელებინა სწავლა სკოლაში. ეს სისტემა ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. სამწუხაროდ, ეს არ გაიზიარეს და ეს აბდაუბდა მოხდა“, – განაცხადა ჯამბურიამ.

ჯამბურიას უჭირს თქმა, თუ რა შეიძლება იყოს გამოცდების წარუმატებლობის მიზეზი. თუმცა ფიქრობს, რომ მინისტრს უკვე შერჩეული ჰყავს კადრები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ მზად ვართ, მთელი ბაზა გადავცეთ შემცვლელებს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ არცერთი აბიტურიენტი არ დაზარალდეს“, – აღნიშნა ჯამბურიამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ ცენტრის 150 თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. გამორიცხული არ არის, რომ როგორც ქალბატონი მიმინოშვილი, ისე ყველა ყოფილი მისი თანამშრომელი „არასამთავრობო სექტორში“ გადავა...