აქტუალური
პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფოს“ განცხადება

1samefo-aqtualuri-2თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. როგორც „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფო“ საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ არსებული ყველა პოლიტიკური ძალისგან ცალკე, პრესის ფურცლებიდან მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა არჩია, რის თაობაზეც აკეთებს შემდეგ განცხადებას:

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფოს“

განცხადება

თემის დელიკატურობიდან და  მისი სიფაქიზიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა გაერთიანება „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფომ“ არსებული ყველა პოლიტიკური ძალისგან ცალკე,  პრესის ფურცლებიდან მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლა არჩია. ამ მიზეზით, პოლიტიკურ გაერთიანებას არც რომელიმე პარტიასთან ან ბლოკთან გაერთიანება და მისი მხარდაჭერა უცდია აქამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ პრივატიზებული პოლიტიკური ნიშის პირობებში, ახლად წარმოქმნილი ოპოზიციური გაერთიანებისთვის ამ ნიშის გარღვევა ისედაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ოპოზიციურ-პოლიტიკური სპექტრისთვის, ისევე, როგორც ხელისუფლებისთვის, ჩანს, მიუღებელი იყო გაერთანების  ახალი სახეებიც, რომლებმაც პოლიტიკურ პრაქტიკაში პირველად დანერგეს  მეცნიერთა, ხელოვანთა, პროფესიონალ ექსპერტთა და საზოგადო მოღვაწეთაგან შემდგარ „მრჩეველთა დარბაზთან“ დათათბირება და გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ დარბაზთან კონსულტაციით გადაწყდა, რომ „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფოს“ (სამწუხაროდ, ხალხისგან პოლიტიკოსთა ნდობადაკარგული რეიტინგის გამო), პოლიტიკურ გაერთიანებას, როგორც სუბიექტს,  27 მაისამდე გამართულ ოპოზიციურ აქციებში  მონაწილეობა არ მიეღო. რამდენადაც  „დარბაზისვე“ გადაწყვეტილების შესაბამისად, მანამდე გამართული ყველა საპროტესტო აქცია ისევ ხალხის წინასწარი იმედგაცრუებისთვის იყო განწირული. თუმცა ალიანსს ილია ჭავჭავაძის „ხმლის, გუთნისა და გვირგვინის საქართველოს“ იდეისთვის არასდროს უღალატია, ისევე, როგორც არ გადაუხვევია ილია ჭავჭვაძის „საერთო ნიადაგის თეორიისგან“, რომელიც ისტორიკოსთა ჯგუფმა დაამუშავა და რომელი პროგრამაც, თავისი ეკონომიკით, განათლების პრინციპებითა და სოფლის მეურნეობის მოწყობით, ძლიერი საქართველოს მშენებლობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს.

პარტრიარქის  იდეის – „კონსტიტუციური მონარქიისთვის“ –  ხორცშესხმის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლოს გაერთიანების,  ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმისგან გათავისუფლებისა და  საქართველოს მოსახლეობის რეალური დემოკრატიის გზაზე გაყვანის ობიექტური შანსი გამოჩნდა, პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფო“ გამოთქვამს მზადყოფნას „ქართული ოცნება - ივანიშვილის” გაერთიანებასთან თანამშრომლობისა. თანამშრომლობის საბოლოო გადაწყვეტილება 27 მაისის აქციაზე კვლავ „დარბაზის“ წევრებთან კონსულტაციით იქნა მიღებული.

იმედს გამოვთქვამ, ჩვენი თანამშრომლობა შედგება. მითუფრო, „ქართული ოცნება - ივანიშვილის“ ერთპიროვნული ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის, განცხადების შემდეგ, რომ „ ქართული ოცნების“ კარი ღიაა სამშობლოს ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლ  ყველა ჭეშმარიტ ოპოზიციურ და  პოლიტიკურად გაუსვრელ ძალასთან და ახალ სახეებთან“.

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ალიანსი - საქართველოს სამეფოს“ თავმჯდომარე მიხეილ ობოლაძე