თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნიან. საქინფორმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპით. ცენტრისთვის მთავარ ღირებულებებს განათლების ხარისხი და მისი გაუმჯობესებისათვის მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. გარწმუნებთ, მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ცენტრის ყველა თანამშრომელს და, ზოგადად, ცენტრის საქმიანობას.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას არ უნდა ეწირებოდეს განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის უზრუნველყოფდა.
ბატონო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც გთხოვთ, უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს“.