პუბლიკაციები
ამაღლება

1-amaRlebaსაქართველოში ნარკომანია დღეს უმწვავეს პრობლემად იქცა. საზოგადოება ახლობლებსა და მეგობრებს შორის ნარკომანთა არსებობასაც თითქოს შეეგუა.

როგორ იხსნან თავი ქართველმა ახალგაზრდებმა ამ დამღუპველი სენისგან, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის გადასაჭრელად?

ნანუკა გობეჯიშვილი, დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს („მშვიდობის ხე“, „გზა – ველოსიპედისტები მოდიან“, „ყმაწვილები სპორტით უნდა დაკავდნენ, რომ ქუჩას მოსწყდნენ“), ესეში პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ მისებურ ხედვას გვთავაზობს.

...

იმ დღეს გაავდრდა. იწვიმა ყმაწვილების გულშიც. უბანი გლოვობდა ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ბიჭს...

დადიოდა ერთ პატარა ქუჩაზე დაჩი ლამაზი სევდიანი თვალებით. მეგობრის დაკარგვა ძალიან განიცადა. მძიმე იყო ტკივილი...

საბავშვო ბაღში დავაჟკაცებულები სკოლაშიც ერთად მოხვდნენ. ძმებივით იყვნენ ერთმანეთისთვის.

იმ დღიდან მხოლოდ ცრემლები და მოგონებები აკავშირებდა მეგობართან...

დაჩიმ სწავლაზე გული აიცრუა. ახლა გაკვეთილებზე ამხანაგები იშვიათად ხედავდნენ. სამაგიეროდ, გადაეყრებოდნენ ხოლმე ქუჩაში მოლასლასეს ან რომელიმე სადარბაზოს კუთხეში ჩაცუცქულს... იჯდა თავისთვის ჩუმად, კითხვებზე არ პასუხობდა, იღიმებოდა კი...

ერთხანს ბოთლებისა და ქილების ჩაბარებას მიჰყო ხელი, ფულიც ბევრჯერ უთხოვია გამვლელებისთვის, ბოლოს დაუკითხავადაც კი იღებდა სახლიდან. ერთადერთი ვაჟკაცის  დედა საგონებელში ჩავარდა. რა აღარ იღონა შვილის გადასარჩენად, მაგრამ...

დაჩი ლამაზ დაბინდულ თვალებს შავი სათვალით მალავდა. კი, ძალიან უხდებოდა, მაგრამ ტანაშოლტილი ბიჭის მშვენიერება თითქოს რაღაცას დაეჩრდილა... მისი ტოლი გოგოები ჩურჩულებდნენ... შორიდან შენატროდნენ, ბევრსაც უყვარდა, მაგრამ ყველა გაურბოდა. თვითონაც თავის სამყაროში ჩაიკეტა და აღარავის ეკარებოდა... საფიქრალი ბევრი ჰქონდა დაჩის. დედაც ეცოდებოდა, უნდოდა, მარტოდმარტოს ოჯახის უღლის ზიდვაში დახმარებოდა, მაგრამ წამიერი ეიფორიის დამყაყებული ჭაობი სულ უფრო და უფრო ითრევდა... ბიჭი ნელ-ნელა დნებოდა, ქრებოდა...

. . .

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს მამა ლუკა თავისი „ვილისით“ ეკლესიის ეზოში შევიდა. მანქანიდან ბიჭები ჟრიამულით გადმოიშალნენ და ქვის ლოდების გადმოზიდვას შეუდგნენ.

შორიახლო დაჩი შენიშნეს. იგი ჩუმად ადევნებდა თვალს თანატოლებს.

ეკლესიის ბაღში მომავალი ტაძრის მშენებლობისათვის შემოწირულობის ყუთი იდგა. ბევრჯერ აუარა გვერდი ამ ყუთს. დიდი იყო ცდუნება. ისიც იცოდა, რომ მოძღვარი ციხისთვის ვერ გაიმეტებდა... თუმცა, რამდენჯერაც გაუელვა თავში ბოროტმა განზრახვამ, ვერ გაბედა, შეხებოდა სიწმინდეს. ამ ფიქრების ჭიდილში მყოფი ბიჭებმა გამოაფხიზლეს.

– დაჩი, შემოგვიერთდი, მოგვეხმარე, – დაუძახეს ყმაწვილებმა.

– სად წავიღო? – გაუკვირდა კი შემოთავაზება.

– ჯერ აქვე დავალაგოთ, მამა ლუკას დაველოდოთ, მგონი, რაღაც აქვს ჩაფიქრებული...

ბიჭებმა ბარები მოიმარჯვეს და ერთი ციდა მიწა თვალისდახამხამებაში გადაბარეს. მერე ის ლოდები მრგვალ ბაღს გარშემო შემოუწყვეს და... მწვანე ნარგავებითაც დაამშვენეს იქაურობა...

გალამაზდა ეზო...

. . .

დაჩის თანატოლები ხშირად ხედავდნენ ეკლესიის ეზოში. ახლა თავის დარგულ ყვავილებს ეფერებოდა. აღარ გაურბოდა მეგობრებს, მაგრამ მის თვალებში სევდა ისევ იკითხებოდა.

ეზოში ახალგაზრდებმა ფიცრებიც გააშალაშინეს და ქვის ლოდებში ჩაფლული ძელსკამებიც ეგზოტიკურად მოაწყვეს, წყაროს წყალიც ამოაჩუხჩუხეს და ქვებით მოაპირკეთეს... სიცოცხლე და ხალისი იგრძნობოდა გაზაფხულის სიმშვენიერესთან ერთად.

სამუშაო რომ მორჩა, დაჩიმაც მოიწყინა...

ისევ გაიკეთა შავი სათვალე...

. . .

როცა პატარა ეკლესიაში მრევლი ვეღარ დაეტია, ახალი ტაძრის მშენებლობის იდეას ყველამ დაუჭირა მხარი.

მამა ლუკას გვერდით ვის აღარ ნახავდით... მშენებლობისათვის გამოყოფილი ადგილი მოასწორეს და სამზადისსაც შეუდგნენ. დაჩი უყურებდა მოძღვარს, თუ როგორ გრეხდა მავთულს არმატურისათვის, ხანაც მასალას ამზადებდა ფუნდამენტისათვის. მის გარშემო დიდიც და პატარაც საქმიანად ფუსფუსებდა. ვერ გაებედა, მიკარებოდა სიწმინდისთვის გამიზნულ მასალას. ახლა ვისაც როგორ შეეძლო, ისე აკეთებდა ამ ღვთიურ საქმეს. პატარა ბიჭებიც კი დიდებივით საქმიანობდნენ – ხან ქვიშას ცრიდნენ, ხანაც მშენებლების დაძახებაზე მარდად მიარბენინებდნენ სამუშაო იარაღებს.

ყველა მოუთმენლად ელოდა საძირკვლის ჩაყრას. თითოეულს სიმბოლურად ეკლესიის სიმაგრისთვის ბეტონში ქვა უნდა ჩაეყოლებინა საკუთარი ოცნებებითა და ჩუმი ნატვრით.

ეს ნანატრი დღეც დადგა. მრევლი ელოდა ბეტონის ჩასხმას.

. . .

ეკლესიის საძირკველში ყველამ ჩადო თავისი წილი ქვა. უამრავი კეთილი სურვილი, ქვეყნისა თუ ოჯახის ბედნიერება, ახლობლების ჯანმრთელობა, ერთმანეთის გატანა, უთქმელი ნატვრა და ჩუმი სურვილი დაიტია ბეტონის ყალიბმა ახალ სიწმინდეში.

დიდხანს იტრიალა დაჩიმ ხალხში. ბოლოს, როცა ყველა წავიდ-წამოვიდა და ეზო დაცარიელდა, თავადაც აიღო ერთი ქვა. ერთხანს ხელში ეჭირა და ფიქრებმა გაიტყუა. მერე ლურსმანს დასწვდა და ქვაზე რაღაც ამოფხაჭნა. ხელი უკანკალებდა, არც ლურსმანი ემორჩილებოდა იოლად. ბოლოს თვალებში ცრემლმომდგარმა გაბედა, მიახლებოდა ჯერ კიდევ სველ საძირკველს და...

ნატვრადატეული ერთი პატარა ქვა დაჩიმაც ჩადო...

მთელი ზაფხული ედგა ბიჭი მშენებლებს გვერდით. უზარმაზარ ბლოკებს ეზიდებოდა. ახლომდებარე ეზოებში მოთამაშე პატარებიც აიყოლია და...

. . .

მაღლდებოდა ეკლესია მზისკენ...

დაჩი მამა ლუკას აღარ შორდებოდა. სულ სხვა ძალა იგრძნო, სულ სხვა დანიშნულება და თვალებშიც სხივი აუთამაშდა.

შეიცვალა ბიჭი. დედაც ხარობდა მისი ხასიათის ცვლილებით. აქამდე თუ ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა აღარავინ გაურბოდა, პირიქით, საჭირო იყო თუ არა, მაინც ეძახდნენ, რჩევასაც ეკითხებოდნენ...

. . .

დაჩის ამ გაზაფხულზეც ხშირად ხედავენ მშენებარე ეკლესიასთან მოფუსფუსე მამა ლუკას გვერდით. ყვავილებმა ახალამოფეთქილი კვირტებით სულ სხვა სურნელით მიიზიდეს ბიჭი. დაჩი დიდი მზრუნველობით ეკიდება ნარგავებს. სკოლიდან ამ წმინდა ბაღისკენ მორბის და ყვავილებთან ერთად ხარობს. მოსწონს, რომ ამ მშვენიერებაში მისი წვლილიცაა ჩაქსოვილი.

ტაძარი ნელ-ნელა მაღლა მიიწევდა. დაჩის თვალწინ უზარმაზარი სიწმინდე ცაში იჭრებოდა და სივრცეს ამშვენიერებდა.

დაჩი დილით მარდად არბის ხარაჩოებზე და ამომავალ მზეს ხელის ქნევით ეგებება.

მაღლდება ბიჭი ეკლესიასთან ერთად!..

ახლა მეგობრის ხსოვნას თვალს გაუსწორებს და იფიქრებს, რომ ცრემლებით და გაუკუღმართებული ცხოვრებით მის უდროოდ ჩაფერფლილ სიცოცხლეს ვერაფერს უშველის, რომ არ უნდა მოსწყდეს საზოგადოებას, რომ ახლა უფრო ადვილია ცხოვრება და გაჭირვებასთან და წუხილთან ბრძოლა სხვა ხერხითაც შეიძლება. ეს გზა მან უკვე იპოვა. ეს გზა სიწმინდესთან მიმავალი გზაა...

. . .

მაინც სულ სხვაა წლევანდელი გაზაფხული. ყმაწვილის სულშიც აყვავდა იები. შავი სათვალეც მოიხსნა და ცხოვრების სიმშვენიერის საჭვრეტად უსათვალოდ გაუსწორა მზეს თვალი. რაღაც სხვა ენერგიამ იფეთქა, სულ სხვა ლტოლვას დაემორჩილა. იგრძნო, რომ მისი ძალა კეთილ საქმეს სჭირდება...

. . .

როცა ის დღეები ახსენდება, მწარე სინანული იპყრობს. რა დიდი დრო დაკარგა და თვითონაც კინაღამ გადაიჩეხა...

არა, მას აღარ უნდა გამოეპაროს მოზარდების ქცევაში უმნიშვნელო გადახრებიც კი, დროზე მიუთითოს და გადაარჩინოს უფსკრულის პირას მდგარი პირტიტველა, ცხოვრების სიმძიმეების შეუცნობელი ყმაწვილები.

. . .

დაჩი უყურებს ცამდე აზიდულ ტაძარს და ტკბება მისი სიდიადით.

როგორი ამაყია ახლა...

დადის ერთ პატარა ქუჩაზე დაჩი სიცოცხლით სავსე და გაბრწყინებული თვალებით...

ნანუკა გობეჯიშვილი

საქინფორმი