აქტუალური
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6%-მდე შეამცირა.
აპრილში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით -2,1 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ზედიზედ უკვე მესამე დეფლაციაა.23 მაისს გაკეთებულ განცხადებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდის დაწყება, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება როგორც ამ წლის განმავლობაში, ისე მომავალი წლის დასაწყისშიც. მთავრობის მიერ პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2012 წელს 6%-ს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში გამყარდა, რაც უკავშირდება ტურიზმისა და ინვესტიციების გზით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას.
„იზრდება ფულადი გზავნილებიც უცხოეთიდან, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა. – აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა სრულად არ აისახება ეკონომიკის ზრდაზე, ვინაიდან ფულადი ნაკადების შემოდინებას თან ახლავს იმპორტის ფარდობითი ზრდაც“.