აქტუალური
ივანიშვილის კოალიცია პენსიების გაზრდას გვპირდება

1pensia-aqtualuri-3თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლია ალასანიას, განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში  ბიძინა ივანიშვილის კოალიცია მინიმალურ პენსიას 220 ლარამდე გაზრდის.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ეს განცხადება 23 მაისს ოზურგეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ყველა პენსიონერს მინიმალური პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე ეს რეფორმა რომ განხორციელდეს, პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური და ამას დაემატება წელთა ნამსახურობა“, – განაცხადა ალასანიამ. ზუსტი სქემა „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით არ გაუხმიანებია.

აპრილის ბოლოს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე საუბრისას ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გაუქმდება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება, და ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული საბაზისო პაკეტით.

ამჟამად მინიმალური პენსია 100 ლარს შეადგენს; ამას ემატება 2-დან 10 ლარამდე სტაჟის დანამატი თითოეულ ასაკით პენსიონერზე.

როგორც საქინფორმი უკვე  იტყობინებოდა, 2012 წლის სექტემბრიდან ხელისუფლება ახალი საპენსიო პაკეტის შემოღებას გეგმავს.

ამ გეგმის თანახმად, პენსია არსებული 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდებათ 67-დან  ზემოთ უფროს ადამიანებს: 25 ლარით გაეზრდებათ მათ, ვისაც სტაჟის დანამატი არ აქვს, ხოლო 15 ლარით იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10-ლარიან დანამატს იღებენ; ამასთან, სექტემბრიდან ყველა პენსიონერი მიიღებს 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს.

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის – 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკის 669 663 პირია რეგისტრირებული.