აქტუალური
დისკუსია ცესკოსა და პარტიებს შორის

1duskusiaთბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრგვალი მაგიდა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს ცესკოში აცნობეს, შეხვედრის თემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის გაწევა იქნება, რაც მონაწილეთა მიერ 18 მაისს გამართულ მრგვალ მაგიდაზე განისაზღვრა.

შეხვედრაში მონაწილეობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) და ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენლები მიიღებენ.

„მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იქნება წინა დისკუსიის თემის მიხედვით ცესკოს მიერ შექმნილი სარეკომენდაციო დოკუმენტი, რაც მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაეცნოთ და საშუალება ექნებათ, საკუთარი კომენტარები წარმოადგინონ დოკუმენტთან მიმართებაში“, – აცხადებენ ცესკოში.

მრგვალი მაგიდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.