აქტუალური
თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. თავმჯდომარე ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისთვის“ დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქუთაისში 26 მაისს დანიშნულ საზეიმო სხდომაში ფრაქციის არცერთი წევრი მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა ფრაქციის შვიდივე წევრს სათითაოდ დაურეკა და დაინტერესდა, სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ თუ არა. „ფრაქციის ყველა წევრმა უარყოფითი პასუხი გასცა. რა თქმა უნდა, ჩვენივე განცხადების ერთგული ვრჩებით. არ ვაპირებთ, თბილისიდან გაქცეულ სააკაშვილს გავეკიდოთ და იმ პიარაქტში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის იგეგმება,“ – ამბობს ლორთქიფანიძე. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობაზე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა. „ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უმცირესობაში შემავალი ორი ქვედანაყოფი დამოუკიდებლები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატები მიხეილ სააკაშვილის პატივსაცემად მოწყობილ პიარაქციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, ახლა, როგორც ჩანს, სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდნენ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან“, – აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.