პოლიტიკა
ახალი სახელი: „ივანიშვილი – ქართული ოცნება“

1panjikiZe-politika-2თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის, ამით კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმები და მიზნები არ შეიცვლება.

როგორც ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ განაცხადა, ამ შემთხვევაში მის პოლიტიკურ ძალას „ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ერქმევა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას ერქმევა „ივანიშვილი – ქართული ოცნება“. ამომრჩეველს ეცოდინება, თუ ვის აძლევს ხმას, როდესაც ამ ძალას დაუჭერს მხარს. ივანიშვილი იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, ეს გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი არის ის, რომ ამომრჩეველმა იცის, ვის აძლევს ხმას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებით ხელისუფლებას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნების შანსი მისცა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არ იყაროს. ამის შესახებ მის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილ ღია წერილშია ნათქვამი.