2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები საკმაოდ გააქტიურდნენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცხადია, ამომრჩეველთა ხმების მისაღებად ბრძოლა ყველა სუბიექტისთვის მეტად რთულია. ექსპერტების შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უახლოეს ათწლეულში პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი იქნება და მეტად მნიშვნელოვანია, რომელი მიმართულების ძალებით დაკომპლექტდება ახალი პარლამენტი.
საქინფორმის სტუმარია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.
– ბატონო კახა, როგორც ცნობილია, თქვენმა პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი და თანასწორუფლებიანია, ზოგადად, საარჩევნო გარემო საქართველოში?
– შეუძლებელია, ვისაუბროთ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოზე მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსი მიღებულია ერთი პარტიის მიერ. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ კომპრომისის საფუძველზე მიღებული იქნებოდა ახალი საარჩევნო კანონი, თუმცა რეალურად ვნახეთ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის თანხმობა ამ ახალ კოდექსს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეს არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულად.
– დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს ოპოზიციას არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად?
– გააჩნია, რა არის სასურველი შედეგი. თუ ოპოზიცია იბრძვის მეორე, მესამე ან მეოთხე ადგილისთვის, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია საარჩევნო კამპანიაზე და, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაიკავებს ყველა ადგილს. რაც შეეხება პირველ ადგილს, ეს შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციის სრული ერთიანობის პირობებში. ხანდახან ჩვენ გვეკითხებიან, თუ რამდენად აუცილებელია მსხვილი ოპოზიციური სუბიექტების წვრილ სუბიექტებთან გაერთიანება. გეტყვით, რომ არითმეტიკულად ოპოზიციისთვის 50%-იანი შედეგის მისაღწევადაც კი აუცილებელია წვრილი სუბიექტების ჩართვა ერთიანობის პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ძლიერი სუბიექტები კენჭს იყრიდნენ არა გაერთიანებული ოპოზიციის ეგიდით, მაგრამ მაშინ საზოგადოება გაერთიანებულ ოპოზიციას აღიქვამდა როგორც მთელ ოპოზიციურ ერთიანობას. დღეს, სამწუხაროდ, ვითარება რთულია. ყველა ხედავს, რომ რეალურად ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს, არის არაჯანსაღი ვითარება და გარკვეული შიდაკონკურენცია, რომელიც აშკარად სააკაშვილის „წისქვილზე ასხამს წყალს“.
– რა არის აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი?
– გამოსავალი მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა და იგი დამოკიდებულია ერთადერთ ადამიანზე – ბიძინა ივანიშვილზე. მას შეუძლია გააგრძელოს რესპუბლიკელების „ჭკუაზე სიარული“ და ოპოზიციის განხეთქილების პროცესი, ასევე, შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც სრულიად ქართველი საზოგადოება მოითხოვს და ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება.
მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ასეთი გაერთიანება, პარტია „თავისუფალი საქართველო“ აქტიურად იბრძოლებს იმისათვის, რომ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს არა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს ამერიკანიზაციას ესწრაფვიან, არამედ ეროვნული ძალები და, პირველ რიგში, ეროვნული მოძრაობის ფლაგმანი – პარტია „თავისუფალი საქართველო“.
– ბატონო კახა, როგორც ცნობილია, თქვენ ხშირად სტუმრობთ რეგიონებს, რა ვითარებაა იქ პოლიტიკური აქტივობის მხრივ?
- რეგიონებში მუშაობის დიდი რესურსია. ამას, პირველ რიგში, სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა. ოპოზიციის ერთიანობა ამ თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური პარტიების რეგიონული ორგანიზაციები იქცა არა გადამწყვეტი ფრონტის შტაბად, არამედ ცალკეული ინდივიდის შრომითი მოწყობის ბიუროებად. ყველა პარტია, მათ შორის, „თავისუფალი საქართველოც“, ცდილობს თავისი „საყრდენი წერტილების“ შექმნას რეგიონებში. სამწუხაროდ, ასეთი საყრდენი წერტილები არცერთ რეგიონში ჯერჯერობით არ არიან მზად არჩევნების მოსაგებად.
– როგორია დღეს არსებული მედიაგარემო საქართველოში?
– ამ კუთხით ძალიან რთული ვითარებაა. დღეს არსებული მედიაგარემო არის ყველაზე უარესი, რომელიც ოდესმე ყოფილა წინასაარჩევნო პერიოდში. ადრე თუ ხელისუფლება აკონტროლებდა ნაციონალურ არხებს და ოპოზიციური მედიასაშუალებები მეტ-ნაკლებად თავისუფალ რეჟიმში მუშაობდნენ, დღეს ოპოზიციურად განწყობილ არხებზეც იგრძნობა ერთ-ერთი ოპოზიციური სუბიექტის გავლენა. დღეს ჩვენ რეალურად გვიწევს არათანაბარი კონკურენცია არამარტო მმართველ პარტიასთან, არამედ „ქართულ ოცნებასთანაც“.
– პარტია „თავისუფალი საქართველო“ რა შედეგს ელოდება 2012 წლის არჩევნებზე?
– ჩვენი მიზანია, „თავისუფალმა საქართველომ“ პარლამენტში შექმნას ეროვნული ფრაქცია, რის შედეგადაც, 1992 წლის შემდეგ, ქართველი ერი დაიბრუნებს თავის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ყველა სხვა ფრაქცია საქართველოს პარლამენტში გაახმიანებს არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ, ამერიკის საელჩოს რეკომენდაციებს.
– ბატონო კახა, ბოლო პერიოდში გარკვეული მესიჯები გაისმა თქვენი და ნინო ბურჯანაძის მიერ ერთობლივი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე...
– ქალბატონ ნინოსთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას.
– „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად საკითხს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა წარმოადგენს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატოში გაწევრებას. რამ განაპირობა თქვენი ეს პოზიცია?
– ჩვენთვის მთავარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ყველას კარგად ესმის, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან დიალოგის გზით, რაც, თავისთავად, გამორიცხავს პარალელურად ნატოსკენ სწრაფვას. რუსეთის მხრიდან არაერთხელ არის გაცხადებული, რომ ის საქართველოს ნატოში გაწევრებას მტრულ ნაბიჯად (პრინციპში, ასეც არის) აღიქვამენ. ამიტომაც ჩვენ გვაქვს არჩევანი – აფხაზეთი, თუ ნატო, სამაჩაბლო, თუ ნატო? პარტია „თავისუფალი საქართველო“ არჩევანს აკეთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ბევრი პარტია გამოჩნდა, რომლებიც ამერიკული მხარდაჭერის მისაღებად მზად არის, აფხაზეთი და სამაჩაბლო ნატოში გაცვალოს.
– როგორც ვიცი, პარტიის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება წარმოადგენს. თქვენ აღნიშნულ საკითხზე აწარმოებდით მოლაპარაკებებს რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან. რა ეტაპზეა ამ დროისთვის მოლაპარაკებები და როგორ გეგმავთ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას?
– ჩვენ უკვე მივაღწიეთ უალკოჰოლო სასმელების დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე და უახლოეს კვირებში დაიწყება ქართული ღვინისა და კონიაკის გატანაც. ამის შემდეგ კი „თავისუფალი საქართველო“ გეგმავს, დღის წესრიგში დააყენოს ციტრუსის, ჩაისა და ხილის ექსპორტირების საკითხი.
– დაბოლოს, ბატონო კახა, 26 და 27 მაისს დაგეგმილია „სახალხო კრებისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული მასშტაბური ღონისძიებები, მიიღებს თუ არა „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას აღნიშნულ აქციებში?
– 26 მაისს პარტია „თავისუფალი საქართველო“ დაესწრება ერთი წლის წინათ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც სამების ტაძარში გაიმართება.
27 მაისს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაში „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს.
თუკი ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ საჭიროა, მაისის ამ დღეებში ოპოზიციური სპექტრი ერთიანად წარდგეს საზოგადოების წინაშე და თავადაც გადაწყვეტს 26 მაისს სამების ტაძარში მოსვლას, „თავისუფალი საქართველო“ გადახედავს საკუთარ პოზიციას.
ესაუბრა დიანა შერეშაშვილი
საქინფორმი