სამართალი
საშემოსავლო გადასახადი: მორიგი „ოპიუმი“ ხალხისათვის

1saSemosavlo-samarTali-2თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-დან 15%-მდე აღარ შემცირდება. სანაცვლოდ, 2013 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელს შეეძლება, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18% გადაიხადოს ბიუჯეტში, ხოლო 2% ნებაყოფლობის საფუძველზე მიმართოს ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშზე.

საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ შემუშავებულ ამ ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი.

საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კერძოდ, კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20% უნდა გამხდარიყო, 2014 წლამდე – 18 %, ხოლო შემდგომ – 15 %.

თუმცა მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი კვლავ 20%-იან ნიშნულზე დარჩება.

ნოვაციას წარმოადგენს ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ დაქირავებულს შეუძლია საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადაიხადოს 18%, ხოლო 2% ნებაყოფლობით მიმართოს დაზოგვის ანგარიშზე. თუ პირი არ მოინდომებს 2%-ის დაზოგვას, მისი საშემოსავლო გადასახადის 20% ბიუჯეტში მიიმართება.

ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების წესსა და პირობებს სპეციალური კანონი ადგენს, რომელიც, ასევე, პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

ამ კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების შენატანის მართვას ამ პირების მიერ არჩეული სქემის შესაბამისად. მმართველი კომპანიების საქმიანობის ლიცენზირებასა და ზედამხედველობას ეროვნული ბანკი განახორციელებს. დაზოგილი თანხის მიღება, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეებს არანაკლებ 15 წლის შემდეგ შეეძლებათ.

ამ ინიციატივის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რამდენიმე მმართველი კომპანიის შექმნა. მისი თქმით, იმ პირს, ვინც ამ კომპანიებთან თანამშრომლობას მოისურვებს, შეეძლება, „გააკონტროლოს, თუ რა ეკონომიკურ პროექტებში ბრუნავს მისი ფული, რათა საბოლოო ჯამში დანაზოგთან ერთად ამ ადამიანებმა პროცენტული დანამატებიც მიიღონ“.

მას არ დაუსახელებია, თუ რა კონკრეტულ პროექტებში შეიძლება დაიხარჯოს ეს ინდივიდუალური დანაზოგები, თუმცა ზოგიერთმა ეკონომიკურმა ექსპერტმა და დეპუტატმა ოპოზიციიდან ეჭვი გამოთქვა, რომ ეს თანხები შესაძლოა, მოხმარდეს იმგვარ პროექტებს, როგორიცაა ქალაქ ლაზიკას მშენებლობა.

დეპუტატმა ოპოზიციიდან ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც გააკრიტიკა ახალი ინიციატივა, განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს მოატყუოს ხალხი, რადგან საშემოსავლო გადასახადი რეალურად ისევ 20% იქნება.

„ეს არის თაღლითობა, რომლის გზითაც ახლა მთავრობა ცდილობს, მილიონობით საბიუჯეტო სახსრების გადამისამართებას კერძო ბიზნესში, თავის პირად ბიზნესში“, – განაცხადა ბაღათურიამ და კანონპროექტის მიღების შეჩერებისკენ მოუწოდა.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს კრიტიკა და განაცხადეს, რომ ეს ინიციატივა დასაქმებულთა ინტერესების მიმართულებით გადადგმული ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მთავრობის განცხადებით, ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნის მიზანია გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.