აქტუალური
კონსული – ნოტარიუსი შეთავსებით?

1konsuli-aqtualuri-2თბილისი, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საკონსულოების ფუნქციები იზრდება. ამას საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. ინიციატივის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებს ცალკეული სანოტარო ფუნქცია მიენიჭებათ და როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს მოემსახურებიან.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, საკონსულოების ფუნქციები როგორც შიდა კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან მოვა შესაბამისობაში. „საკონსულოების საქმიანობა გაცილებით ეფექტური უნდა გახდეს. ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ“, – აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საკონსულო სახელმწიფოს წარმომადგენლობაა და ის ვალდებულია, მათ დაეხმაროს იმის მიუხედავად,  თუ რა სტატუსით იმყოფებიან ისინი საზღვარგარეთ – ლეგალურით თუ არალეგალურით.

„ამ ინიციატივით, საკონსულოებისათვის მთელი რიგი სანოტარო მოქმედებების დელეგირება მოხდება, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნიდა. გვარის ან სახელის შეცვლასთან დაკავშირებული, მინდობილობის გაფორმებისა და სხვა საკითხები ძალიან მალე მოგვარდება. ამ დოკუმენტების გასაცემად ხშირად ელექტრონულ ფორმატს გამოვიყენებთ. გარდა ამისა, საკონსულოები მოქალაქეებს, საჭიროებისამებრ, სამართლებრივ დახმარებასაც აღმოუჩენენ. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულოებისათვის მთელ რიგ ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს“, – განაცხადა გიორგი ხუროშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილ საკანონმდებლო აქტებში ტერმინოლოგიური ცვლილებებიც შედის. კერძოდ, ტერმინი „კონსული“ იცვლება ტერმინით „საკონსულო თანამდებობის პირი“.