პოლიტიკა
სააკაშვილის შეხვედრები ჩიკაგოში

1saak-politika-2თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. ჩიკაგოში ნატოს სამიტის ფარგლებში  საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევსა და დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე ტორნინგ შმიდტთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები იყო.

როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„საქართველოსთან დიდი მეგობრობა და საერთო ინტერესები გვაკავშირებს. მალე ვეწვევით თქვენს ქვეყანას და ბულგარეთში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიხეილ სააკაშვილსაც ველოდებით. განწყობა ძალიან ოპტიმისტური გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შემიძლია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ნატოს მომავალი სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მისი გაფართოების თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა ამისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დანიის პრემიერ-მინისტრმაც გამოხატა. ჰელე ტორნინგ შმიდტმა საქართველო ნატოს წევრობის რეალურ კანდიდატად დაასახელა და საქართველოს პრეზიდენტს ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ ესაუბრა.

„შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მივესალმებით პროგრესს, რომელიც ამ მხრივ შეინიშნება. ვფიქრობ, მომავალი სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველას გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიღწეული წარმატებების შესახებ. საქართველო ნატოს წევრობის რეალური კანდიდატია“, – აღნიშნა ჰელე ტორნინგ შმიდტმა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში ადრე  ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. მათ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს. ხოსე მანუელ ბაროზომ და ჰერმან ვან რომპეიმ დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განხორციელებული რეფორმები და განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკების პროცესში მიაღწია.

მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ღია მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებას ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აკავშირებს და ამ ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარდაუვალი პროცესია.